ფეხბურთი

22:10 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელიამ საგოლე პასიც გააკეთა და პენალტიც მოიპოვა, "ნაპოლიმ" ისევ მოიგო

„ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პრობლემა და ამ დროისთვის შეუძლებელია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისევ მოიგო, კვარა კვლავ საუკეთეოს იყო.

სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ 4:1 დაამარცხა. ანგარიშმა არ მოგატყუოთ, დაძაბული თამაში იყო, 76-ე წუთამდე 1:1, ხოლო ბოლო ორი გოლი ნეაპოლელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს.

კვარაცხელიამ ამჯერად გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ პენალტი მოიპოვა და საგოლე პასი გააკეთა. 26-ე წუთზე სწორედ კვარამ გამოიმუშავა პენალტი, რომელიც მატეო პოლიტანომ გაიტანა და ანგარიში გახსნა. ტაიმი ასე დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე სირილ დესერსმა გაათანაბრა და კრემონელებს ქულის მოპოვების შანსი გაუჩნდათ. თუმცა, 76-ე წუთზე მარიო რუის პასით ჯოვანი სიმეონემ გაიტანა და ეს გარდამტეხი გამოდგა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი ხვიჩა მეკარესთან პირისპირ დარჩა და ცხადია, დარტყმა შეეძლო, მაგრამ ირვინგ ლოზანოს გაუკეთა პასი და მანაც ცარიელ კარში გაიტანა. ალბათ, ეს ეპიზოდი სპალეტის განსაკუთრებით მოეწონებოდა, რადგან არაერთხელ მიანიშნა ქართველ ფეხბურთელს პასის მნიშვნელობაზე. 95-ე წუთზე კი მატიას ოლივერამაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვარაცხელიამ პირველად ითამაშა „ნაპოლის“ მაისურით შეუცვლელად, ასევე 90 წუთი იყო მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 4 გოლი გაუშვა, ქართველი მცველის ბრალეულობა ნაკლებად იყო. ლოჩოშვილს ამ სეზონში 7 მატჩი დაუგროვდა.

ხვიჩას სერია A-ში 9 მატჩში ფანტასტიკური მაჩვენებლები აქვს: 5 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი. პლუს, ჩემპიონთა ლიგაზე 1 გოლი, 2 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი (3 მატჩში). მოკლედ, კვარაცხელია „ნაპოლის“ უდავო ლიდერია.

„ნაპოლიმ“ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა, რადგან „ატალანტამ“ ვერ მოიგო და 2 ქულით გაასწრო. „კრემონეზე“ 3 ქულით ბოლო ორ ადგილს გენუის „სამპდორიასთან“ იყოს და მომდევნო ტურში „სპეციას“ ესტუმრება.

„ნაპოლის“ ამ სეზონში არ წაუგია - 12 მატჩი, 10 მოგება და 2 ფრე (დღეს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო) ნეაპოლელებს წინ „აიაქსთან“ და მერე „ბოლონიასთან“ საშინაო მატჩები ელოდებათ. ბოლოს ისიც ვთქვათ, რომ სერია A-ში ქართველმა ფეხბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს, ლევან მჭედლიძესა და კახა კალაძეს ერთმანეთის პირისპირ მოედანზე ყოფნა არ მოუწიათ.

0.145514