ფეხბურთი

19:24 | 9.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ყველა გუნდი უნდა შევისწავლოთ, საქართველოსთან წინა შესარჩევში გაგვიჭირდა"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც მან თქვა, ყველა გუნდთან ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ და საქართველოს ნაკრებზე აღნიშნა, რომ მასთან თამაში იოლი არასდროსაა.

„ფეხბურთში არცერთი შედეგი გასაკვირი არაა, ყოველთვის ხდება სიურპრიზები. ამიტომ, ყველა მეტოქე კარგად უნდა შევისწავლოთ, როცა ამის დრო მოვა. საქართველოსთან თამაში ადვილი არასდროს ყოფილა, არც წინა შესარჩევ ციკლში. ნორვეგიას მსოფლიო ფეხბურთის განსაკუთრებული ვარსკვლავი ჰყავს ერლინგ ჰოლანდის სახით და სასიამოვნოა იმის ყურება, რასაც აკეთებს. შოტლანდიას ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრესი აქვს, კვიპროსიც კარგი გუნდია. ამიტომ, თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ყველაფერი გავიღოთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპი 2023 წლის მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. ჯერ კალენდარი ცნობილი არაა და მოგვიანებით გავიგებთ, ვისთან როდის მოუწევს ვილი სანიოლის გუნდს თამაში.

0.103144