იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში იტალიური ფეხბურთის კლასიკა შედგა და „მილანმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა.
ეს მოსალოდნელიც იყო - იტალიის მოქმედ ჩემპიონს ახლა გაცილებით კარგი პერიოდი უდგას, ვიდრე „იუვეს“, რომელიც ღრმა კრიზისშია და გამოსავალი საერთოდ არ ჩანს. „როსონერის“ „ბიანკონერის“ ძლევა არ გასჭირვებია და მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა, იმაზე დიდი სხვაობით მოიგებდა, ვიდრე მოიგო - 2:0.
პირველ ტაიმში რაფაელ ლეაომ ტურინელთა კარის ორივე ძელი შეაზანზარა, ხოლო ხოლო ფიკაიო ტომორიმ ტაიმის ბოლო წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ გოლი იმ კუთხურს მოჰყვა, კუთხური კი ტეო ერნანდესის მხრიდან ხუან კუადრადოზე აშკარა თამაშის წესის დარღვევას, რაც მსაჯმა ვერ შეამჩნია და გოლიც ჩაითვალა. თუმცა, „მილანმა“ დამსახურებულად მოიგო, განსაკუთრებით მეორე ტაიმის გათვალისწინებით, რომელშიც სტეფანო პიოლის გუნდმა მეტოქეს ცალსახად აჯობა. 54-ე წუთზე ბრწყინვალე გოლი გაიტანა ბრაჰიმ დიასმა, რომელმაც დუშან ვლაჰოვიჩის პასი მოედნის ცენტრში ჩაჭრა და დრიბლინგით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ამრიგად, „მილანმა“ 20 ქულა დააგროვა და სანამ „ნაპოლი“ და „ატალანტა“ ითამაშებენ, მათთან ერთად თანალიდერია. „იუვენტუსი“ კი 13 ქულით მერვე ადგილზეა და კატასტროფულ სიტუაციაშია.
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო „ინტერმა“, რომელმაც რეჯიო ემილიაში „სასუოლოს“ დიდებული ედინ ჯეკოს წყალობით აჯობა. ბოსნიელმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა და სიმონე ინძაგის გუნდს სერია A-ში წარუმატებელი სერია შეაწყვეტინა. „ნერაძურის“ 15 ქულა აქვს და ჯერ მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა.
„მილანი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ტომორი (45), 2:0 ბრაჰიმ დიასი (54)
„სასუოლო“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჯეკო (44), 1:1 ფრატეზი (60), 1:2 ჯეკო (75)
„ბოლონია“ – „სამპდორია“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 დომინგესი (32), 1:1 ჯურიჩიჩი (72)