უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
1/4-ფინალში ჩეხეთის 76:0 დამარცხების შემდეგ, სასტარტო 15-ეულში 9 ცვლილებაა – 4 ხაზში და 5 შერკინებაში. პოზიცია შეიცვალა ორმა მორკინალმა.
ბელგიასთან ღერძზე თამაშს ალექსანდრე ჯიღაური და ლუკა ჭინჭარაული იწყებენ, ცენტრში კი გიორგი ხაინდრავას ამჯერად ლუკა კობაური შეუწყვილდება. ფულბეკის პოზიციაზე ლუკა ხორბალაძეს ვიხილავთ, ფრთებზე კი ადგილი ტატო ბურთიკაშვილმა და ზურა ნინიძემ შეინარჩუნეს.
შერკინებაში კვლავ ძირითადში არიან მარცხენა ბურჯი ლუკა კოტორაშვილი, გუნდის კაპიტანი გიორგი გერგედავა და მესამეხაზელი ანდრო დვალი, ოღონდ გერგედავამ მესამედან მეორე ხაზში გადაინაცვლა, ხოლო დვალი შემკვრელის მაგივრად ფლანკერი იქნება. ჩეხეთთან ტრავმა მიიღო შოთა ხელაძემ და მის ნაცვლად ძირითადში მიხეილ ხახუბიას ვიხილავთ, მარქაფაში კი გიგი ჭუმბურიძე გამოჩნდა. ძირითადშია ერთადერთი ლეგიონერი, ‘ტულონის’ ბურჯი დავით მჭედლიძე. თამაშს იწყებენ თორნიკე ღანიაშვილი, ნიკა ლომიძე და თამაზ ჭამიაშვილი.
„ტურნირი დროის მცირე მონაკვეთში ტარდება და ამ დროს შემადგენლობაში როტაცია ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მოთამაშეებს დასვენება და ძალთა გადანაწილება ჭირდებათ. ამასთან, ჩვენი სურვილია, რომ ყველა მოთამაშეს თანაბარი სათამაშო დრო მივცეთ. ნიკა ლომიძეს კოჭი აწუხებდა და ჩეხეთთან ამის გამო არ ვათამაშეთ, ახლა კი ძირითადში იქნება. ტრავმირებული შოთა ხელაძის ნაცვლად შეკრებაზე დაგვიბრუნდა გიგი ჭუმბურიძე, რომელმაც მზადების ყველა ეტაპი ჩვენთან ერთად გაიარა და შემადგენლობაში ინტეგრაციის კუთხით არანაირი პრობლემა არ ექნება“ – თქვა 18-წლამდელთა მწვრთნელმა მიხეილ სუჯაშვილმა.
საქართველოსა და ბელგიის შეხვედრა თბილისში, „რაგბი პლატოზე“ 16:15 საათზე დაიწყება.
18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი. ნახევარფინალი 5 ოქტომბერი. თბილისი. „რაგბი პლატო“. 16:15 საათი საქართველო – ბელგია საქართველოხაზი: 15. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 14. ზურა ნინიძე (ბათუმი), 13. ლუკა კობაური (აკადემია), 12. გიორგი ხაინდრავა (ლელო), 11. ტატო ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. ლუკა ჭინჭარაული (ლელო), 9. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო);
შერკინება: 1. ლუკა კოტორაშვილი (ხვამლი), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. დავით მჭედლიძე (ტულონი), 4. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო), 5. გიორგი გერგედავა (აია, კაპ.), 6. ანდრო დვალი (ლელო), 7. ნიკა ლომიძე (ხარები), 8. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები).
მარქაფა: 16. გიგი ჭუმბურიძე (აია), 17. გიორგი მჭედლიშვილი (აკადემია), 18. გიგა თუთისანი (აია), 19. კახა შეყილაძე (ხვამლი), 20. ჯაბა ოდიშარია (ლელო); 21. ლადო ტყაბლაძე (აია), 22. გელა ხელაძე (ლელო), 23. ლუკა კეშელავა (არმია), 24. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 25. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 26. ნიკა აბესაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ზურა ამონაშვილი
RUGBY.GE