კენიელმა ამოს კიპრუტომ და ეთიოპიელმა იალემზერფ იეჰუალავმა, ლონდონის მარათონის მამაკაცთა და ქალთა გარბენები მოიგეს. კიპრუტოსთვის ეს ლონდონში პირველი გამოსვლა იყო და დებიუტშივე გამარჯვება მოიპოვა. იეჰუალავმა კი ამავე მარათონის შარშანდელი ჩემპიონი, კენიელი ჯოისილინ ჯეპკოსგეი დაამარცხა.
კიპრუტომ გადამწყვეტი შეტევა, ფინიშამდე 5 კილომეტრით ადრე დაიწყო. მან გარბენი ორ საათში, ოთხ წუთსა და 39 წამში დაასრულა. ეს მარათონულ დისტანციაზე მისი პირველი გამარჯვებაა. მარტში ტოკიოს მარათონზე, ის ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ მსოფლიო რეკორდსმენ ელიუდ კიპჩოგესთან დამარცხდა.
23 წლის იეჰუალავმა მარათონზე პირველად აპრილში იასპარეზა და მაშინვე გაიმარჯვა. თანაც, ქალთა მარათონის ისტორიაში, საუკეთესო სადებიუტო დრო ჰქონდა. იმავდროულად, ეთიოპიის რეკორდიც დაამყარა. შესაბამისად, ლონდონში ფავორიტთა შორის იყო. და მან მოლოდინი სრულად გაამართლა.
მამაკაცთა გარბენში იასპარეზა ყველა დროის მეორე უსწრაფესმა მარათონელმა, ეთიოპიელმა კენენისა ბეკელემ, მაგრამ ის ლიდერთა ჯგუფს მალე ჩამორჩა და საბოლოოდ, მეხუთე ადგილს დასჯერდა. მაღალ ტემპს ვერც შარშანდელმა ჩემპიონმა, ეთიოპიელმა სისეი ლემამ გაუძლო.
მეორე ადგიი ეთიოპიელმ ლეულ გებრესილასემ დაიკავა, მესამეზე კი სომალური წარმოშობის ბელგიელი, ბაშირ აბდი გავიდა.
ქალთა გარბენში მონაწილეობა არ მიუღია მსოფლიო რეკორდის მფლობელსა და ლონდონური მარათონის ორგზის ჩემპიონს, კენიელ ბრიგიდ კოსგეის, ვისაც ტრავმა აქვს. სტარტიდან ნახევარი დისტანციის შემდეგ, პირველობისთვის ბრძოლას შვიდი მორბენალიღა შემორჩა. მათ შორის ყველაზე სწრაფი ეთიოპიელი აშეტე ბეკელე იყო.
მერე კი ლიდერთა ჯგუფმა შეთხელება დაიწყო. 33-ე კილომეტრზე იეჰუალავი დაეცა, მაგრამ სირბილი გააგრძელა და არც ტემპი დაუკარგავს. ფინიშამდე ხუთი კილომეტრით ადრე, მან ჯეპკოსგეისთან ერთად, ტემპი გაზარდა და ყველა მდევარი ჩამოიტოვა. ფინიშთან ახლოს ეთიოპიელმა ჯეპკოსგეის ჩამოტოვებაც მოახერხა და ასპარეზობა ორ საათში, 17 წუთსა და 25 წამში დაასრულა.