„გიორგი მამარდაშვილი კანისარესის“ სარკის წინ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა As-მა სტატია ქართველი მეკარის შესახებ, რომელშიც წერია, რომ მას „ვალენსიაში“ ეპოქის შექმნა შეუძლია.
„ვალენსიაში“ მეკარის პოზიციაზე ისტორიულად ყოველთვის იყო ერთი მეკარე, რომელიც ძირითადში ადგილს დიდი ხანი ინარჩუნებდა. 80-იან წლებში ასეთი სემპერე იყო (სამი წლით ოჩოტორენაც), 90-იანებში სუბისარეტა, რომელიც კანისარესმა შეცვალა და რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა თავისი პოზიცია პალოპთან კონკურენციის მიუხედავად, მანამ, სანამ რონალდ კუმანმა 2007-2008 წლების სეზონში გუნდიდან არ გაუშვა. არც მეტი, არც ნაკლები, 27 წლის განმავლობაში „ვალენსიას“ ძირითადი შემადგენლობის სულ რაღაც ოთხი მეკარე ჰყავდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც კანისარესმა „ვალენსია“ დატოვა, არცერთ მეკარეს სასტარტოში ორ სეზონზე მეტი არ გაუტარებია. ასეთი იყო მხოლოდ ნეტო და ასევე დიეგო ალვეში, თუმცა მას ორი სეზონი ზედიზედ არ ჰქონია, რადგან 2015-2016 წლების სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. ამ პერიოდში იყვნენ ჰილდერბანდი, რენანი, სეზარი, გუაიტა, სილესენი და ხაუმე, მაგრამ მათ ძირითადში ადგილი ვერ შეინარჩუნეს.
ფაქტია, რომ „ვალენსიას“ აქვს შანსი დაუბრუნდეს ტრადიციას და ჰყავდეს მუდმივი პირველი ნომერი (თუნდაც, მაისურზე ახლა 25 ეწეროს) და ამ შესაძლებლობას გიორგი მამარდაშვილი ჰქვია, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. საინტერესოა, რომ იმ ოთხი ისტორიული ფიგურიდან ერთ-ერთი, ოჩოტორენა მას ახლა ეხმარება და ავარჯიშებს. ყველა გარემოებაა, რომ ისტორია განმეორდეს. გასულ სეზონში მან ყველაზე მეტი მატჩი ითამაშა (18), მიუხედავად იმისა, რომ მეორე გუნდისთვის დაიმატეს. სილესენმა 17 თამაში ჩაატარა, ხაუმემ კი 4. მიმდინარე სეზონში ის გატუზოსთვის შეუცვლელია და ლა ლიგაში 540 წუთი ითამაშა, ყველაზე მეტი „ვალენსიაში“. გარდა ამისა, კონტრაქტი 2027-წლამდე გაუხანგრძლივეს და რაც მთავარია, ისე თამაშობს, რომ მას შეუძლია „ვალენსიაში“ ეპოქა შექმნას. მამარდაშვილმა „ვალენსიას“ კარის დაცვა 21 წლისამ დაიწყო და კლუბმა მისი გამოსასყიდი ფასი 10ო მილიონით განსაზღვრა. ასე რომ, შეგვიძლია გავბედოთ და ვთქვათ, რომ „ვალენსიას“ ძირითადი მეკარე დიდი ხნით ჰყავს. მისი განცხადებებიც ამას ადასტურებს: „მინდა, აქ მრავალი წელი ვიყო და გავაგრძელო ზრდა, როგორც ფეხბურთელმა. ბევრი თამაშის ჩატარება მინდა და ყოველდღე ვმუშაობ. „მესტალიაც“ ფანტასტიკურია“, - თქვა მამარდაშვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა კონტრაქტი გაახანგრძლივა“, - წერს ცნობილი ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 მატჩიდან ორჯერ კარი მშრალად შეინახა მეხუთე და მეექვსე ტურებში მისი ორი მოგერიება საუკეთესოდ აღიარეს და ზოგადად, სექტემბრის თვის საუკეთესო „სეივის“ ავტორიც გახდა, ხუთეულში კი სულაც მისი ორი მოგერიება შევიდა.