ეგვიპტის ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრმა გამოაცხადა, რომ ქვეყანა 2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენას აპირებს. წარმატების შემთხვევაში, ეგვიპტე გახდება პირველი არაბული და აფრიკული ქვეყანა, რომელიც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს ჩაატარებს.
სპორტის მინისტრ აშრაფ სობის თქმით, ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადის წარდგენის ინციატივას, ქვეყნის პრეზიდენტმა აბდელ ფატა ალ-სისიმ მწვანე შუქი აუნთო. ეს ინფორმაცია, კაიროში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის ვიზიტისას გავრცელდა.
ეგვიპტის მინისტრთა კაბინეტის განცხადებით, ეგვიპტის სპორტული ინფრასტრუქტურა მზადაა იმისათვის, რომ ოლიმპიადა მაღალ დონეზე ჩაატაროს.
ცნობისათვის, 2024 წლის ოლიმპიადას პარიზი უმასპინძლებს, მომდევნო თამაშები ლოს ანჯელესში ჩატარდება (2028 წელს), 2032 წელს კი სპორტის უდიდესი ფორუმი ბრისბეინში (ავსტრალია) ჩატარდება.
2036 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე განაცხადების მიღების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. არაოფიციალური ინფორმაციით, განაცხადების წარდგენა გერმანიას, მექსიკას, თურქეთს, რუსეთს, ინდოეთს და ყატარს სურთ.