ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისი ფასი ამჟამად 35 მილიონ ევროს შეადგენს, რაც რეკორდია.
ცნობილმა პორტალმა Transfermakrt-მა იტალიის სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განაახლა, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიასიც.
ხვიჩას ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო და ერთბაშად 20 მილიონი ევროთი გაძვირდა. შედეგად, გადაასწრო გიორგი მამარდაშვილს, რომლის ღირებულება ერთი კვირის წინ 20 მილიონი ევრო გახდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვარა საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, „ნაპოლიში“ მესამეა, მხოლოდ ვიქტორ ოსიმენსა (65 მილიონი) და პიოტრ ზელინსკის (40 მილიონი) ჩამორჩება. იტალიის სერია A-ში ქართველი ღირებულებით მეოცე ადგილზეა (იგივე ფასი აქვთ მანუელ ლოკატელის, მაიკ მენიოს, ჰაკან ჩალჰანოღლუსა და პაულო დიბალას), მსოფლიოში 157-ე, მარცხენა ვინგერებში 23-ე, ხოლო 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში - მეშვიდე.
აქვე ვთქვათ, რომ ჯერჯერობით, არ განახლებულა ლუკა ლოჩოშვილის ღირებულება, რომელიც ასევე სერია A-ში თამაშობს და ისევ 1.5 მილიონ ევროდაა შეფასებული.