ვუელტას ბელგიელმა ჩემპიონმა რემკო ევენეპოლმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ვოლონგონგში (ავსტრალია, სიდნიეს მახლობლად) გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს, საგზა რბოლაში, მან მარტომ მიაღწია ფინიშს და ვუელტაზე ტრიუმფიდან ორიოდ კვირაში, მსოფლიო ჩემპიონის ცისარტყელას ზოლიანი მაისურიც მოიგო.
22 წლის ევენეპოლმა 2 წუთით და 21 წამით ჩამოიტოვა მეორეზე გასული ფრანგი კრისტოფ ლაპორტი. ბრინჯაოს მედალი კი ავსტრალიელმა მაიკლ მეტიუზმა მოიპოვა, ვინც ფინიშთან ჩამოიტოვა რბოლის ბელგიელი ფავორიტი ვუტ ვან აერტი. კიდევ ერთი ფავორიტი, ჰოლანდიელი მატიო ვან დერ პოელი რბოლაში საერთოდ არ გამოვიდა, რადგან ორ თინეიჯერ გოგონასთან კონფლიქტში დასდეს ბრალი.
მხოლოდ 51-ე ადგილს დასჯერდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ფრანგი ჟულიან ალაფილიპი, ტურ დე ფრანსის ორგზის ჩემპიონი, სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი კი მე-19 ადგილს დასჯერდა.
„დამღლელი სეზონის ამგვარი დასრულება საოცარია. ზე ბედნიერი ვარ. დღეს ფეხებში ძალა მეყო და ეს ის იყო, რაზეც ვოცნებობდი“, - განაცხადა ჩემპიონმა, ვინც გადამწყვეტი შეტევა მაშინ დაიწყო, როდესაც ფინიშამდე 35 კილომეტრი რჩებოდა. მხოლოდ ყაზახმა ალექსეი ლუცენკომ შეძლო გაყოლა. მაგრამ 9 კილომეტრის შემდეგ, ბელგიელმა აღმართზე კიდევ უფრო გაზარდა ტემპი და ამჯერად ლუცენკოც ჩამოიტოვა.
„ვფიქრობ, ამ სეზნში მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შემეძლო. ასეთი კარგი სეზონი ალბათ აღარც მექნება“, - განაცხადა ევენეპოლმა.