ფრანგული მედია წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას თავის დროზე „ნიცა“ ცდილობდა. ამის შესახებ Nice-Matin-ი იტყობინება.
წყაროს თანახმად, „ნიცა“ სერიოზულ ინტერესს იჩენდა, ჯერ კიდევ მანამ, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა და ხვიჩას სატრანსფერო ფასს „რუბინი“ დაწევდა. რუსები მანამდე ქართველ ფეხბურთელს 30 მილიონი ევროდ აფასებდნენ.
გამოცემის ცნობით, ტრანსფერის ინიციატორი „ნიცას“ აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი ჟულიენ ფურნიე იყო, მაგრამ გარიგება არ შედგა, რადგან მან კლუბი დატოვა და მუშაობა იტალიაში, კერძოდ „პარმაში“ გააგრძელა.
სხვათა შორის, დაახლოებით მსგავსი ისტორია „იუვენტუსსაც“ უკავშირდება. ოღონდ, ამ შემთხვევაში ინფორმაცია კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა დაადასტურა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ ტურინელებთან ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებული იყო, მაგრამ სპორტული დირექტორის, ფაბიო პარატიჩის „იუვედან“ წასვლამ გარიგება ჩაშალა.
საბოლოოდ, 21 წლის ქართველი ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ „ნაპოლიში“ გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.