ფეხბურთი

1:46 | 24.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ ინგლისი ისევ დაამარცხა და B დივიზიონში გააგდო

ერთა ლიგის A დივიზიონის მესამე ჯგუფიდან ინგლისის ნაკრები გავარდა და შესაბამისად, მომდევნო სეზონში B დივიზიონში ითამაშებს, როგორც საქართველოს ნაკრები...

ინგლისი მილანში, ევროპის ჩემპიონ იტალიას ესტუმრა, თანაც ძალიან გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე იტალიას, რომელსაც ტრავმების გამო უამრავი წამყვანი მოთამაშე აკლდა. შესაბამისად, მინირევანშის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ზოგადად, ინგლისს იტალიასთან თამაში ყოველთვის უჭირდა და როგორც ჩანს, ახლაც არაფერი შეცვლილა. 68-ე წუთზე „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ჯაკომო რასპადორიმ სუპერგოლი გაიტანა და მატჩის ბედი გადაწყვიტა - 1:0.

პარალელურად, უნგრეთის ნაკრები აგრძელებს საოცარ თამაშს. მარკო როსის გუნდი ამ ტურამდე ჯგუფის ლიდერი იყო და ახლაც ლიდერია, ჯგუფის, სადაც გერმანია, იტალია და ინგლისი არიან. ადამ შალაიმ მე-17 წუთზე წარმოუდგენელი გოლი გაიტანა და უნგრეთმა „ბუნდესნაკრები“ მისსავე მოედანზე დაამარცხა.

უნგრეთს 5 ტურში 10 ქულა აქვს. ორჯერ მოუგო ინგლისს (1:0, 4:0), გერმანიასთან 4 ქულა მოიპოვა (1:1, 1:0) და ჯერჯერობით, მხოლოდ იტალიასთან წააგო (1:2). სწორედ იტალიას შეხვდება საკუთარ მოედანზე და ფრეც აწყობს, რომ ჯგუფი მოიგოს. ფრე იმიტომ, რომ უნგრეთს 10 ქულა აქვს, იტალიას - 8. თავის მხრივ, რობერტო მანჩინის გუნდი მეტოქეს თუ დაამარცხებს, პირველი ადგილი მას ერგება.

გერმანია 6 ქულით მესამეა და პირველზე ვერ გავა, თუმცა არც გავარდება, რადგან ინგლისმა ხუთ ტურში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და გავარდა. აქვე ვთქვათ, რომ B დივიზიონიდან A დივიზიონში გადავიდა ბოსნია, რომელმაც კონკურენტ მონტენეგროს მოუგო და პირველი ადგილი გაინაღდა.

გერმანია - უნგრეთი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 შალაი (17)

იტალია - ინგლისი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 რასპადორი (68)

1. უნგრეთი 5 3 1 1 8 3 5 10
2. იტალია 5 2 2 1 6 7 -1 8
3. გერმანია 5 1 3 1 8 6 2 6
4. ინგლისი 5 0 2 3 1 7 -6 2
0.116188