ფეხბურთი

22:39 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბლაგოია მილევსკი: "ვდომინირებდით და მეტი დავიმსახურეთ"

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოს ნაკრებთან მარცხის (0:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებდა და თამაშის ხარისხით კმაყოფილია.

„გილოცავთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას და პირველ ადგილს. ვამაყობ ჩემი ბიჭებით და მათი თამაშით. ჩვენი შეცდომების გამო წავაგეთ და ბევრად მეტი დავიმსახურეთ. ვდომინირებდით და ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ გოლი ისევ ვერ გავიტანეთ.

ინდივიდუალური შეცდომების მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური არასათანადო მზადყოფნაა. შესაძლოა, ეს არის ის, რაზეც ფეხბურთელებმა კლუბებში უნდა იმუშაონ. დარკო ველკოვსკის ვერაფერს დავაბრალებ, შეცდომები ფეხბურთის ნაწილია და ამას უნდა შევეგუოთ. მას მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს, როგორც ჩემგან, ასევე მთელი გუნდისგან. ის, რაც დღეს მოხდა, მისთვის ყველაზე მძიმეა. ჩემთვის გუნდი ყოველთვის მთავარია, როგორც წაგების, ისე მოგების დროს. არასოდეს გამოვყოფ ვინ იყო საუკეთესო ან ყველაზე ცუდი.

არ შემიძლია თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვიყო. არცერთი საგოლე მომენტი, რომელიც დღეს შევქმენით, შემთხვევითი არ გაჩენილა. ამ თვალსაზრისით უკმაყოფილების საბაბი არანაირად არ მაქვს, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო კონცენტრირებულები და კონკრეტულები უნდა ვიყოთ“, - თქვა მილევსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.115982