ფეხბურთი

23:14 | 23.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "რთული მონაკვეთების მიუხედავად გუნდი არ მოშლილა და კარგი რეაქცია გვქონდა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, მიუხედავად შექმნილი პრობლემებისა, მისი გუნდი არასდროს მოშლილა და ეს დადებითია, რადგან გუნდმა მოახერხა და თამაშის რთულ მონაკვეთებს თავი კარგად დააღწია.

„მინდა, ჩემს ფეხბურთელებს და ფეხბურთის ფედერაციას მივულოცო. ახლა პლეი-ოფზე საუბარიც არ ღირს, რადგან მის გამართვამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი. მინდა ამ გამარჯვებით ვისიამოვნოთ. მე უფრო იმით ვარ ბედნიერი, რომ ბოლო თვეებში დიდი პროგრესი განვიცადეთ. ჩვენი გეგმა არ იყო ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ბურთის დათმობა, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენა, მაგრამ დრო დაგვჭირდება მათი ახალი თამაშის, ახალი სისტემის წასაკითხად. ზოგიერთი ფეხბურთელი თავიდან დაძაბული ჩანდა და ეს იგრძნობოდა.

გუშინ ვთქვით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია შესანიშნავია და გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ისინი უპირატესობას ფლობდნენ თამაშის გარკვეულ მომენტებში. თუმცა, ჩემი გუნდი არასდროს მოშლილა, აჩვენა სტრუქტურა, სიმწიფე და ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ ვუპასუხეთ მაკედონიის ინიციატივას. პირველმა გოლმა სტაბილურობა მოგვიტანა, ფეხბურთი არ ჰგავს ჭადრაკს, ეს უნდა ვიცოდეთ. მეტოქემ პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ კარგია, რომ ზეწოლის ქვეშ გოლი არ გავუშვით. პირველი წუთებით ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ზოგადად, ამ 90 წუთში ნაჩვენები შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ეს მნიშვნელოვანია.

გიბრალტართან როტაცია? ჯერ უნდა გავიგო, როგორ ფიზიკური მდგომარეობაში იქნებიან ჩემი ფეხბურთელები, როგორ აღიდგენენ ძალებს და გადაწყვეტილებას შემადგენლობასთან დაკავშირებით ორშაბათს მივიღებ. ეს თამაში ჩვენთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ 5-8 ფეხბურთელის შეცვლა საჭირო იქნება, შევცვლი, მაგრამ თუ არა - არა. მთავარი თამაშის მოგებაა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა, რაც ნიშნავს: ერთა ლიგის მომდევნო სეზონში საქართველო B დივიზიონში ითამაშებს, გარდა ამისა, ევრო 2024-ის პლეი-ოფში ოფიციალურად გავიდა, რომელიც 2024 წლის მარტში გაიმართება.

და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი: საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო ზედიზედ მეათე წაუგებელი მატჩი, რითაც 2010-2011 წლებში თემურ ქეცბაიას გუნდის დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ სანიოლის გუნდი გიბრალტართან არ წააგებს, რეკორდს ხელში მარტო ჩაიგდებს. საქართველოს წაუგებელი სერია გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო და 10 მატჩიდან ქართველებმა 8 მოიგეს (კოსოვოსთან 2:1, შვედეთთან 2:0, უზბეკეთთან 1:0, ბოსნიასთან 1:0, გიბრალტართან 4:0, ბულგარეთთან 5:2, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 3:0 და 2:0), 2-ჯერ ფრეს დასჯერდნენ (ალბანეთსა და ბულგარეთთან 0:0).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 სექტემბერს, სტუმრად, გიბრალტარის ნაკრებთან ჩაატარებს და ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპს დაასრულებს.

0.116816