სხვა

4:36 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენეპოლის მომდევნო მიზნები ტურ დე ფრანსი და ჯირო დ’იტალიაა

ვუელტას ახალი ჩემპიონი, ბელგიელი რემკო ევენეპოლი არ მალავს, რომ ამიერიდან მისი მთავარი მიზანი, ტურ დე ფრანსზე და ჯირო დ’იტალიაზე გამარჯვებაა. მან პირველად მოიგო ველომარათონი, რომელსაც თითქმის შუაწელიდან, დამაჯერებლად ლიდერობდა. და ამით დაამტკიცა, რომ ნებისმიერ რბოლაში გამარჯვება შეუძლია.

22 წლის მრბოლს ადრეც კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დიდ ტურებზე თავის გამოჩენას, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, ტრავმის გამო ვერ ახერხებდა. ის 1978 წლის შემდეგ პირველი ბელგიელი ველომრბოლია, ვინც ველომარათონის მოგება შეძლო. 44 წლის წინათ, ეს იოჰან დე მუინკმა, ჯიროზე შეძლო. ამასთან, ის 1961 წლის შემდეგ, ვუელტას ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია.

„სამივე დიდი ტურის მოგება, ჩემი უდიდესი ნატვრაა. აქ წითელი მაისური მოვიგე, რაც იმას ნიშნავს, რომ ველომარათონებზე მოგება შემიძლია. ეს გამარჯვება კარგია ჩემთვისაც, გუნდისთვისაც (ქვიკ-სტეპ ალფა ვინილი) და ჩემი თავდაჯერებისთვისაც. ახლა ყველაფერს გადავხედავთ, რისთვისაც ადრე მიგვიღწევია და ამას მომავალში გავითვალისწინებთ, როდესაც ჯიროსა და ტურისთვის მზადებას დავიწყებთ“, - ევროსპორტთან საუბრისას განაცხადა ევენეპოლმა.

სამივე ველომარათონი სულ რამდენიმე მრბოლს აქვს მოგებული. ესენი არიან ფრანგი ჟაკ ანკეტილი, ბელგიელი ედი მერქსი, ფრანგი ბერნარ ინო, ესპანელი ალბერტო კონტადორი. იტალიელი ფელიჩე ჯიმონდი, ბრიტანელი კრის ფრუმი და იტალიელი ვინჩენცო ნიბალი.

0.111716