ავტოსპორტი

4:01 | 20.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო 400 რბოლაში მონაწილეობას აპირებს

ფორმულა 1-ის უახლოეს რბოლაში, რომელსაც სინგაპური უმასპინძლებს, ერთი საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდება. ფერნანდო ალონსო 350-ე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. ეს კი რეკორდია. უფრო მეტიც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამბობს, რომ ამას არ დასჯერდება და ოთხასისკენ გაიწევს.

მონცაში ალონსომ 349-ე რბოლაში მიიღო მონაწილეობა და ამ მაჩვენებლით, რეკორდსმენ კიმი რაიკონენს გაუტოლდა. ამ სეზონის ბოლოს კი, დიდი ალბათობით, 355-ე რბოლაში მიიღებს მონაწილეობას.

ალონსო ახლა 41 წლისაა და მან „ასტონ მარტინთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ ამ კონტრაქტის ბოლოს, მის ანგარიშზე, სულ ცოტა, 400 რბოლაში მონაწილეობა იქნება.

„რა თქმა უნდა, ვიცი ამ სტატისტიკის შესახებ. მე ხომ მას ყოველ რბოლაში ვაახლებ. თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უბრალოდ მიხარია, რომ ფორმულა 1-ში ამდენი წელი გავატარე და წინ კიდევ ორი სეზონი მაქვს. აუცილებლად მივაღწევს 400 რბოლას. და ეს სერიოზული რიცხვია. ის წარმოაჩენს იმ ჟინს, რაც სპორტისადმი გამაჩნია და იმის უნარს, რომ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შემიძლია. ასე რომ არ იყოს, გუნდებს ჩემდამი ინტერესი არ ექნებოდათ და 400 რბოლაში მონაწილეობის საშუალებასაც არ მომცემდნენ“, - ამბობს ალონსო, ვინც ფ1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა შორის, ყველაზე ხნიერი მრბოლია.

ალონსომ „ალპინის“ დატოვების გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ფრანგლ გუნდს მასთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება სურდა.

ცნობისათვის, ალონსოს და რაიკონენის გარდა, 300-ზე მეტ რბოლაში მონაწილეობა მიღებული აქვთ: რუბენს ბარიკელოს (322 რბოლა), მიხაელ შუმახერს და ჯენსონ ბატონს (306), ასევე ლუის ჰამილტონს (304). სებასტიან ფეტელისთვის ფ1-ში ბოლო რბოლა 299-ე იქნება.

0.113754