„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, რომ ესპანეთში გადაბარგებით სწორი ნაბიჯი გადადგა და საჭირო მომენტში საჭირო ადგილას მოხვდა.
პოლონელმა ფორვარდმა ასევე აღნიშნა, რომ „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი „ბარსაში“ თამაშით უფრო აქვს, ვიდრე „ბაიერნში“ თამაშით ჰქონდა.
"ბაიერნთან თამაში ჩვენთვის გაკვეთილი იყო. მატჩის წინ არ ველოდით, რომ ჩვენი სტილის დამკვიდრებას და ბევრ მომენტს შევქმნიდით. თამაშმა აჩვენა, რომ „ბარსას“ შეუძლია ამის გაკეთება და რთულ მატჩებში საგოლე მომენტების შექმნა. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დავიმსახურეთ „ბაიერნთან“ მოგება, ან ფრე მაინც.
რა თქმა უნდა, „ბაიერნის“ დამარცხება და გოლის გატანა მინდოდა. ჩემთვის ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მატჩი. ყველაზე ემოციური მომენტი? როგორც კი სტადიონზე შევედი. უცნაური იყო სხვა გასახდელში წასვლა და სხვაგან გახურება. „ბარსელონასთან“ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მიუნხენში წავედი და „ბაიერნის“ გულშემატკივრებს დავემშვიდობე. „ბაიერნის“ გულშემატკივრები ძალიან ჭკვიანები არიან, იციან როგორ განასხვავონ სიმართლისგან ის, რასაც მედიაში წერენ.
„ბარსაში“ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ასევე ატმოსფეროს გამო. ჩემი თანაგუნდელები, სტაფი, ყველა კარგად მექცევა. პირველივე დღეებიდან ვიგრძენი, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი. გულშემატკივრებმა „კამპ ნოუზე“ სიმღერების სიმღერა დაიწყეს. მგონია, რომ დიდი ხანია „ბარსელონაში“ ვარ.
„ოქროს ბურთის“ მოგების ამბიციები? ვიცი, რომ „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ "ბარსაში" ჯილდოსკენ გზა უფრო მოკლეა, ვიდრე "ბაიერნში", - თქვა ლევანდოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ რიგებში ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.