ფეხბურთი

20:15 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "მინდა აქ დიდხანს ვითამაშო და როგორც ფეხბურთელმა განვითარება გავაგრძელო"

ესპანური „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კონტრაქტის განახლების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც 21 წლის ქართველმა მეკარემ აღნიშნა, ძალიან ბედნიერია და სურს, რომ განვითარება გააგრძელოს.

„ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ „ვალენსიასთან“ კონტრაქტის განახლებით. მინდა, აქ დიდხანს ვითამაშო და გავაგრძელო ზრდა, როგორც ფეხბურთელმა. საოცარი გუნდის და პროექტის ნაწილი ვარ. მინდა, ბევრი ვითამაშო და ყოველდღე ვმუშაობ. „მესტალია“ ყოველთვის წარმოუდგენელია, ხალხიც ძალიან მომწონს და ზოგადად, ყველაფერი.

ახალი მწვრთნელი გვყავს და განსხვავებული სტილით ვთამაშობთ. ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ უკეთესი. გასული წელი ჩემთვის საოცარი იყო. ლა ლიგაში 21 წლის ასაკში თამაში წარმოუდგენელია. კოპა დელ რეის ფინალი წავაგეთ, მაგრამ არა უშავს, მინდა, რომ აქ ტიტულები მოვიგო“, - თქვა მამარდაშვილმა.

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ 2021 წელს მეორე გუნდში სათამაშოდ შეუერთდა, მაგრამ პირველ გუნდში მიღებული შანსი გამოიყენა და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა.

21 წლის კარის დარაჯმა ვალენსიელთა კარი დღემდე 27 შეხვედრაში დაიცვა და 12-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გარდა ამისა, არაერთხელ გამოირჩა დამაჯერებელი თამაშით და გასულ სეზონში სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ორჯერ კი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

0.122675