სხვა

4:51 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბასტიანინიმ არაგონის დიდი პრიზი მოიგო

იტალიელმა ენეა ბასტიანინიმ არაგონის დიდი პრიზის რბოლაში, დაძაბულ პაექრობაში აჯობა თანამემამულე ფრანჩესკო ბანიაიას, ვისაც ბოლო წრეზე გადაასწრო და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. რბოლას პირველივე წრეზე, ავარიით გამოეთიშა ჩემპიონატის ლიდერი, ფრანგი ფაბიო კვარტარარო.

ამგვარად, ბასტიანინიმ ბანიაიასგან მისანოს რბოლაში მარცხისთვის რევანში აიღო და მას ზედიზედ მეხუთე რბოლის მოგების საშუალება არ მისცა. ფინიშზე მათ შორის სხვაობა, სულ რაღაც 0.042 წამი იყო და გამარჯვებული ფოტო ფინიშმა გაარკვია.

„ეს სიზმარივითაა. რბოლის დროს შეცდომები დავუშვი, მაგრამ ბოლოსკენ პეკოს დავეწიე და ბოლო წრეზე შეტევის შანსი გამიჩნდა. ბედად, მისი გამოყენება შევძელი და გავიმარჯვე“, - განაცხადა ბასტიანინიმ.

მეორე ადგილის მიუხედავად, ბანიაიამ ჩემპიონატში კვარტარაროსთან ჩამორჩენა, 30-დან 10 ქულამდე შეამცირა. მესამე ადგილზე ესპანელი ალეიქს ესპარგაროა, ვინც ლიდერთან 17 ქულას აგებს. მან არაგონის რბოლა მესამე ადგილზე დაასრულა.

კვარტარარო სტარტიდან მეხუთე მოსახვევში, მარკ მარკესის „ჰონდას“ უკნიდან დაეჯახა. მარკესმა მართვა დაკარგა და იაპონელ ტაკააკი ნაკაგამის დაეჯახა. სამივემ რბოლა იმავე წრეზე დაასრულა.

ბასტიანინის გამარჯვებით, „დუკატიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე, ხუთი რბოლით ადრე გაინაღდა ტიტული. იტალიური კომპანია ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი.

0.116771