„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში „მილანის“ წინააღმდეგ იტალიურმა მედიამ მაღალი ქულით შეაფასა. სხვადასხვა გამოცემებისგან 21 წლის შემტევმა უმეტესად 7 ქულა მიიღო.
Corriere Della Sera 7 ქულა: „სინათლესავით სწრაფია და თუ თამაში წაუვიდა, შეუჩერებელი ხდება. მის შესაჩერებლად „მილანს“ ორი ყვითელი ბარათი და პენალტი დასჭირდა“.
Goal Italia 6.5 ქულა: „როცა ინთება, მეტოქეს ზიანს აყენებს. ამჯერად ნაკლებად ცქრიალა იყო, ვიდრე სხვა შემთხვევებში, მაგრამ მაინც გადამწყვეტი, როგორც მოპოვებული პენალტის ეპიზოდში“.
Calciomercato 7 ქულა: „როსონერის“ დაცვისთვის ნომერ პირველი საფრთხე. მან ჯერ კიაერი და კალაბრია გააფრთხილებინა, მერე დესტთან პენალტი მოიპოვა“.
La Repubblica 7.5 ქულა: „თავისი დრიბლინგებით თამაშის ინერცია შეცვალა, სამი მცველი გააფრთხილებინა და პენალტი გამოიმუშავა“.
Eurosport 7 ქულა: „დასაწყისში ჩვეულებრივზე უფრო მორცხვი იყო, შემდეგ აიწყვიტა. შესვენებამდე ორი მოთამაშე გააფრთხილებინა, მეორე ტაიმში კი პენალტი გამოიმუშავა. რა მოთამაშეა! შეუკავებელი“.
sport.virgilio 7 ქულა: „ყოველთვის ეკალია მეტოქის დაცვის ხაზისთვის. ამჯერად პენალტი მოიპოვა“.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.
ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.