მიუნხენის „ბაიერნი“ ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს, სადაც „ინტერსა“ და „ბარსელონას“ აჯობა, მაგრამ ბუნდესლიგაში პრობლემები აქვს.
იულიან ნაგელსმანის გუნდს გერმანიის ჩემპიონატში ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ზედიზედ სამი ფრის შემდეგ „რეკორდმაისტერი“ ამჯერად სულაც უქულოდ დარჩა და გასვლაზე „აუგსბურგთან“ დამარცხდა - 0:1. „აუგსბურგთან“ წაგებამდე იყო ფრეები „გლადბახთან“ (1:1), „უნიონსა“ (1:1) და „შტუტგარტთან“ (2:2). მიუნხენურმა გიგანტმა ბუნდესლიგაში 4 ტური მოგების გარეშე 2001 წლის შემდეგ პირველად ჩაატარა. 2001-2002 წლების სეზონში ოტმარ ჰიტცფელდის გუნდს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. გარდა ამისა, "ბაიერნი" ბუნდესლიგაში ზედიზედ 87 შეხვედრაში ერთ გოლს მაინც იტანდა და ეს სერიაც შეწყდა.
შედეგად, „ბაიერნმა“ ლიდერის პოზიცია დაკარგა და 7 ტურის შემდეგ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა. 7 ტურში 12 ქულა კი (3 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) „ბაიერნისთვის“ მართლაც კატასტროფული შედეგია.
ბუნდესლიგის სათავეში ამ წუთისთვის „დორტმუნდი“ მოექცა, რომელსაც 15 ქულა აქვს. „ყვითლებმა“ რურის დერბიში მუკოკოს გვიანი გოლით „შალკეს“ მოუგეს და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს. „დორტმუნდის“ გადასწრების შანსი კვირას „უნიონსა“ და „ფრაიბურგს“ ექნებათ, რომლებიც შესაბამისად, „ვოლფსბურგსა“ და „ჰოფენჰაიმს“ შეხვდებიან.
„დორტმუნდი“ – „შალკე“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 მუკოკო (79)
„ლევერკუზენი“ – „ვერდერი“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 დემირბაი (57), 1:1 ველიკოვიჩი (82)
„შტუტგარტი“ – „აინტრახტი“ 1:3 (0:1)
გოლები: 0:1 როდე (6), 0:2 კამადა (55), 1:2 ტომასი (79), 1:3 იაკიჩი (88)
„აუგსბურგი“ – „ბაიერნი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ბერიშა (59)