2023 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება.
ექვსის ნაცვლად მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე იზრდება, რომლებიც ორ ოთხგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. საქართველო ა ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო ბ ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ.
4-18 თებერვალს თითოეული გუნდი ჯგუფური ეტაპის სამ-სამ შეხვედრას გამართავს. საქართველო 4 თებერვალს გერმანიას მასპინძლობს, 11-ში ნიდერლანდებს ეწვევა, ხოლო 18-ში ასევე სტუმრად ესპანეთს ერკინება.
თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო თასის ნახევარფინალში გადის, ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები მეხუთე-მერვე ადგილის ნახევარფინალებს ითამაშებენ. ნახევარფინალური შეხვედრები 4-5 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 18-19 მარტს გაიმართება და ყველა ადგილი გათამაშდება.
ჯგუფები ორი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ორი წლის ჯამში ბოლო ადგილზე გასული გუნდი „ალაფაზე“ დაქვეითდება.
რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი ფილიპ ტუჩელი ამბობს: „ახალი ფორმატი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმართ ინტერესს გაზრდის და ჩვენ უფრო სანახაობრივი მატჩების თვითმხილველები გავხდებით. მონაწილეთა რაოდენობის 8 გუნდამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ევროპული რაგბის განვითარებას“.
RUGBY.GE