ფეხბურთი

0:55 | 16.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის პირველი მატჩი სეზონში, "სლოვანმა" "პიუნიკთან" წააგო

ევროპისა და კონფერენს ლიგის მეორე ტურში ქართველი ფეხბურთელების კლუბებმა ითამაშეს, თუმცა ყველაზე გამოსარჩევი ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება იყო, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და სეზონში პირველად ითამაშა.

ევროპა ლიგაზე ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ როტერდამში „ფეიენოორდთან“ 0:6 განადგურდა. კარგი ისაა, რომ ქართველი ნახევარმცველი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა. ოთარი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო და მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა. კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში ამჟამად გამოძახებული არაა, თუმცა, მისი დაბრუნება და ფორმაში შესვლა უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან ვილი სანიოლის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა. F ჯგუფში საინტერესო ვითარებაა - ოთხივე გუნდს 3-3 ქულა აქვთ („ფეიენოორდს“, „მიდტიულანდს“, „შტურმს“ და „ლაციოს“). ავსტრიელები მომდევნო ტურში სწორედ „ლაციოს“ შეხვდებიან.

G ჯგუფში აზერბაიჯანულმა „ყარაბაღმა“ ფრანგული „ნანტი“ 3:0 დაამარცხა, ლუკა გუგეშაშვილი კი თადარიგში იყო. „ყარაბაღი“ 4 ქულით მეორე ადგილზეა.

H ჯგუფში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ „ტრაბზონსპორთან“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა. ირაკლი აზაროვი განაცხადში არ იყო. ქართველი მცველი ბოლო სამი მატჩია სერბული გუნდის განაცხადში ვერ ხვდება, მანამდე კი იყო შეცდომა, რის შემდგომაც სამ წუთში შეცვალეს. „ცრვენა ზვეზდა“ ჯგუფში უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

კონფერენს ლიგის C ჯგუფში პოზნანის „ლეხმა“ ვენის „აუსტრია“ 4:1 დაამარცხა და პირველი სამი ქულა მოიპოვა. ნიკა კვეკვესკირმა 58-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი თადარიგში დარჩა. „ლეხს“ 3 ქულა აქვს და მესამე ტურში „ჰაპოელ ბეერ შევას“ უმასპინძლებს.

H ჯგუფში ბრატისლავის „სლოვანი“ ერევანში „პიუნიკს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ჯაბა კანკავა განაცხადში არ იყო დისკვალიფიკაციის გამო, გიორგი ჩაკვეტაძემ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. „სლოვანმა“ ასპარეზობა ცუდად დაიწყო და 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი ლიდერ „ბაზელს“ სტუმრად შეხვდება.

0.317465