რაგბი

16:48 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონერები | ნინიაშვილმა და გოგოლაძემ ანგარიში გახსნეს

გასულ კვირაში საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონებში უკანახაზელებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს.

ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში ‘ლიონის’ ქართველ ლეგიონერებს ზედიზედ მეორე ტურია ლელო გააქვთ. თუ პირველ ტურში ბექა საღინაძე გამოირჩა, ამჯერად სეზონის პირველი 5 ქულა დავით ნინიაშვილმა მიითვალა. ‘ლა როშელთან’ მატჩის 57-ე წუთზე მან ლელო ალამთან გაიტანა (5:13) და მასპინძელთა მხრიდან პირველი ქულები აიღო, თუმცა ‘ლიონი’ საბოლოოდ 21:23 დამარცხდა. ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

‘კასტრმა’ ‘სტად ფრანსე’ მიიღო და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა – 30:20. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ და 63-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმართა რიგებში 45-ე წუთიდან გამოჩნდა გიორგი მელიქიძე.

სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა ‘ბეიონმაც’, ‘რასინგ 92’-ს 31:25 სძლია. გამარჯვებულთა შორის მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა კოტე მიქაუტაძე. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო გია ხარაიშვილი, თუმცა 26-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა. შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

ტოპ 14-ში, ‘კლერმონის’ რიგებში დებიუტი ჰქონდა 20 წლის ბურჯ გიორგი ძმანაშვილს. ‘პოსთან’ მატჩში ის შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა. ორი ქართველი იყო სტუმართა მარქაფაში – ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთვნენ. ‘კლერმონმა’ შეხვედრა 33:24 მოიგო.

პირველ ტურში საკუთარ მოედანზე მარცხის შემდეგ, ‘ბრივმა’ სტუმრად ‘პერპინიანს’ 17:6 სძლია და სამი უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც მიითვალა. ამ წარმატებაში საკუთარი წვლილი ვასილ ლობჟანიძემ, ლუკა ჯაფარიძემ და ვანო კარკაძემ შეიტანეს. ბორჯღალოსანთა 9 ნომერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, პირველხაზელები კი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდნენ. ჯაფარიძე 10 წუთში შეცვალეს.

ტოპ 14-ის ჩემპიონმა ‘მონპელიემ’ ახალ სეზონში პირველი გამარჯვება ‘ბორდოსთან’ მოიპოვა – 29:19. მათ რიგებში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გელა აფრასიძემ.

‘ტულონი’ ‘ტულუზას’ ეწვია და 8:28 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 59-ე წუთამდე ითამაშა ბექა გიგაშვილმა.

პრო დე2

პრო დე2-ის მესამე ტურში, მიმდინარე სეზონის პირველი ლელო გაიტანა გიორგი გოგოლაძემ. 30-ე წუთზე ის შეტევას ფრთაზე მიყვა და ანგარიში 10:12 გახადა. სტუმრად მოთამაშე ‘ორიაკმა’ საბოლოოდ ‘ანგულემი’ 19:15 დაამარცხა. გოგოლაძემ შეუცვლელად ითამაშა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს გიორგი ქართველიშვილი, 61-ეზე კი ის თამაშში დაბრუნდა. მარქაფაში იყვნენ გიორგი ჯავახია (შევიდა 47-ე წუთზე) და მიხეილ ალანია (52). მასპინძელთა რიგებში პირველიდან 48-ე წუთამდე ითამაშა ომარ ოდიშვილმა.

‘გრენობლი’ ‘ოიონას’ ეწვია და 13:46 დამარცხდა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა ლუკა გოგინავამ. მან 27-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

‘ნევერმა’ ‘მასი’ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 16:15 დაამარცხა. გამარჯვებულთა ძირითადში იყვნენ თორნიკე მატარაძე (57-ე წუთზე შეცვალეს) და ლადო ჩაჩანიძე (54-ეზე შეცვალეს).

ასევე მინიმალური სხვაობით, 17:16 დაამარცხა ‘კოლომიემ’ ‘პროვანსი’. მასპინძლებმა გამარჯვების ჯარიმა ბოლო წუთზე გაიტანეს. მათ რიგებში 64-ე წუთიდან ითამაშა ბექა შეყლაშვილმა.

‘აჟენს’ გამარჯვების ჯარიმა 73-ე წუთზე გაუტანა და ერთი ქულით, 26:25 მოუგო ‘მონტობანმა’. გამარჯვებულთა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა ოთარ გიორგაძემ, ხოლო მირიან ბურდულმა მოედანზე 2 წუთით მეტი გაატარა.

‘კარკასონმა’ ‘ბეზიე’ მიიღო და 26:24 დაამარცხა. გამარჯვების ჯარიმა მასპინძლებმა აქაც ბოლო წუთზე გაიტანეს. მათ სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთზე შეცვალეს სოსო ბეკოშვილი, თუმცა დასკვნით 8 წუთში კვლავ მოედანზე დააბრუნეს. სტუმართა შორის შეცვლაზე 49-ე წუთზე შევიდა გიორგი ახალაძე.

‘ბიარიცი’ ‘მონ-დე-მარსანს’ დაუხვდა და მხოლოდ ნუგეშის ქულას გამორჩა – 27:29. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორი ქართველი ლეგიონერი იყო. ლაშა ტაბიძე შესვენებისას შეცვალეს, ხოლო თორნიკე ჯალაღონიამ მოედანზე 55 წუთი გაატარა. 73-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა ლუკა ჭელიძემ.

RUGBY.GE

0.118822