მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთულ თამაშს ელოდება, რადგან ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში.
„ბარსელონა“ აგრესიული გუნდია და თავს მაღლა იცავს, ისეთი ნახევარმცველების წყალობით, როგორებიც გავი და პედრი არიან. რთულ თამაშს ველოდები. სასტარტო შემადგენლობაზე უმეტესად ჩამოყალიბებული ვარ, ლუკას ერნანდესი ძირითადში იქნება, მაგრამ ვინ ითამაშებს მის გვერდით, ჯერ არ ვიცი. უპამეკანოს ლევანდოვსკის წინააღმდეგ უთამაშია და ყოველთვის თავს კარგად იცავდა, მაგრამ ჯერ ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია.
ლევანდოვსკის ხვალ ხელს ჩამოვართმევ და გამიხარდება, თუ ჩვენი გულშემატკივრები მას კარგად შეხვდებიან. ეს ნორმალურია, როდესაც ვიღაცამ კლუბისთვის ამდენი გააკეთა. არ ვიცი, არის თუ არა, ლევი მათი ყველაზე სახიფათო მოთამაშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დიდი საშიშროებაა მისგან მოსალოდნელი, თუმცა, თუ ბურთს ხშირად ვერ მიიღებს, გოლის გატანა გაუჭირდება. „ბარსელონა“ სრულიად განსხვავებული გუნდის იმისგან, რომლის წინააღმდეგ ბოლო სამი-ოთხი მატჩი ჩავატარეთ.
მართალია, სასურველი შედეგები არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, გუნდში კარგი ატმოსფეროა, უკეთესი, ვიდრე გასულ სეზონში და გაცილებით კარგი მოლოდინი მაქვს, ვიდრე შარშან“, - თქვა ნაგელსმანმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 13 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.