მაქს ფერსტაპენის შეჩერება შეუძლებელია. ის მაშინაც იგებს, როდესაც რბოლას უკანა რიგებიდან იწყებს. ასე იყო მონცაზეც, იტალიის დიდი პრიზის რბოლისაში, რომელიც ჩემპიონმა მეშვიდე პოზიციიდან დაიწყო, ფინიშთან კი პირველი მივიდა. უფრო სწორედ, ფინიშთან უსაფრთხოების მანქანამ მიიყვანა.
რაც მთავარია, ფერსტაპენი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მეორე ტიტულს. მონცაზე მან უშუალო კონკურენტს, შარლ ლეკლერს აჯობა, ვინც სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ მფრინავი ჰოლანდიელის გადამკიდემ, რბოლა მეორემ დაასრულა. 24 წლის ფერსტაპენს 16 რბოლიდან 11 აქვს მოგებული და 116 ქულას უგებს ლეკლერს.
მომდვნ რბოლა სამ კვირაში, სინგაპურშია და თუ იქ ფერსტაპენი ლეკლერზე 22 ქულით მეტს აიღებს, მეორე ტიტულს გაინაღდებს. თუ ვერა, მაშინ ერთი კვირის შემდეგ, ამის გაკეთება იაპონიაში მოუწევს.
სხვათა შორის, ფერსტაპენი პირველად ავიდა მონცას კვარცხლბეკზე. ეს მის კარიერაში 31-ე გამარჯვებაა, რითაც ის ბრიტანელ ყოფილ ჩემპიონს, ნაიჯელ მენსელს გაუტოლდა.
„ფერარიმ“ პიტ სტოპების განსხვავებული ტაქტიკით სცადა ფერსტაპენის ჯობნა. ლეკლერი ბოქსში პირველად მე-11 წრეზე შეიყვანეს, როდესაც ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის რეჟიმი ამოქმედდა. მონაკოელმა მეორე სტოპი ფინიშამდე 20 წრით ადრე შეასრულა. მაშინ „რედ ბულის“ პილოტს 19.5 წამს უგებდა.
ფინიშამდე ექვსი წრე რჩებოდა, როცა დანიელ რიკარდო ტრასაზე გაჩერდა. ამის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და რბოლაც მანვე დაასრულა, რადგან ავსტრალიელის „მაკლარენის“ ევაკუაცია გაჭიანურდა. საინტერესოა, რომ მონცას ტრეკს, რომელიც კალენდარში უსწრაფესია, წელს საუკუნე შეუსრულდა.
ამ რბოლაში შედგა ფორმულა 1-ში ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისის (უილიამსი) დებიუტი. და მან ის მეცხრე ადგილზე დაასრულა, რისთვისაც ორი ქულა დაიმსახურა.
იტალიის დიდი პრიზი
მონცა, დისტანცია 306.720 კმ (5.793 კმ, 53 წრე)
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული)
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 2.446
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 3.405
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 5.061
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 5.380
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 6.091
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 6.207
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 6.396
- ნიკ დე ფრისი (ჰოლანდა, უილიამსი) 7.122
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 7.910
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 8.323
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 8.549
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 8 წრე
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 14 წრე
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 22 წრე
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 43 წრე
უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:24.030 (47-ე წრე, 248.182 კმ/სთ)
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. მაქს ფერსტაპენი - 335 ქულა; 2. შარლ ლეკლერი - 219; 3. სერხიო პერესი - 210; 4. ჯორჯ რასელი - 203; 5. კარლოს საინსი - 187; 6. ლუის ჰამილტონი - 168; 7. ლანდო ნორისი - 88; 8. ესტებან ოკონი - 66; 9. ფერნანდო ალონსო - 59; 10. ვალტერი ბოტასი - 46; 11. პიერ გასლი, კევინ მაგნუსენი - 22; 13. სებასტიან ფეტელი - 20; 14. დანიელ რიკარდო - 19; 15. მიკ შუმახერი - 12; 16. იუკი ცუნოდა - 11; 17. გუანიუ ჟოუ - 6; 18. ლანს სტროლი - 5; 19. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) – 4; 20. ნიკ დე ფრისი (ჰოლანდა, უილიამსი) – 2; 21. ნიკოლას ლატიფი, ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) - 0.
კონსტრუქტორთა ჩემპიონატი
1. რედ ბული - 545 ქულა; 2. ფერარი - 406; 3. მერსედესი - 371; 4. ალპინ-რენო - 125; 5. მაკლარენ-მერსედესი - 107; 6. ალფა რომეო-ფერარი - 52; 7. ჰაას-ფერარი - 34; 8. ალფატაური-რედ ბული - 33; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 25; 10. უილიამს-მერსედესი - 6.