ტურინის „იუვენტუსმა“ მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ ვერ მოუგო - 2:2.
მასიმილიანო ალეგრის გუნდს რომ უამრავი პრობლემა აქვს, აქამდეც ნათელი იყო და ამ თამაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. „იუვემ“ კარგად დაიწყო და ფაბიო მირეტის ორჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ მეკარემ აჯობა. მერე კი სრული კოშმარი დაიწყო - „სალერნიტანამ“ „იუვეს“ ყველაფერში აჯობა მთელი პირველი ტაიმი და ორი გოლიც გაიტანა. ჯერ ანტონიო კანდრევამ გახსნა ანგარიში, მერე კი კშიშტოფ პიონტეკმა პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდა.
საშინელი ტაიმის მერე ტურინული გრანდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. მალევე გლეისონ ბრემერმა თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა. მერე ტურინელებს მომენტები ჰქონდათ - დუშან ვლაჰოვიჩს, არკადიუშ მილიკს სამჯერ და ერთხელ ბურთი ხარიხას გაარტყა, მაგრამ გოლი არ ჩანდა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კი ალექს სანდრომ პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეონარდო ბონუჩიმ შეასრულა და მეკარემ აჯობა, თუმცა, დამატებაზე ბონუჩი პირველი იყო და გაათანაბრა.
მთავარი შემდეგ მოხდა. ბოლო, მეოთხე დამატებულ წუთზე ნიკოლო ფაჯოლის სახიფათო დარტყმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა, ამ კუთხურს კი გოლი მოჰყვა: მილიკმა გაიტანა და ტურინელებმა თითქოს საოცარი ქამბექი შეასრულეს. პოლონელმა ფორვარდმა სიხარულისგან მაისური გაიხადა და ვინაიდან ყვითელი ბარათი ჰქონდა, გააძევეს. და, მერე რა მოხდა? გოლი გაუქმდა! როგორც აღმოჩნდა, მილიკის დარტყმის მომენტში ბონუჩი თამაშგარე მდგომარეობაში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ის მეკარეს ხელს არ უშლიდა, მსაჯმა ჩათვალა, რომ ეპიზოდზე ზეგავლენა მოახდინა. გოლის გაუქმებას ჩხუბი მოჰყვა, რის გამოც მასპინძლებს ხუან კუადრადო გაუძევეს, სტუმრებს ფედერიკო ფაციო. გააძევეს მასიმილიანო ალეგრიც...
მოკლედ, „იუვენტუსმა“ გვიან გაიღვიძა და მორიგი ორი ქულა დაკარგა. „ბებერ ქალბატონს“ 6 ტურში მხოლოდ 10 ქულა აქვს (2 მოგება, 4 ფრე), რაც ცხადია, დამაკმაყოფილებელი შედეგი არაა.
„იუვენტუსი“ – „სალერნიტანა“ 2:2 (0:2)
გოლები: 0:1 კანდრევა (18), 0:2 პიონტეკი (45, პენ), 1:2 ბრემერი (51), 2:2 ბონუჩი (90)