სხვა

23:19 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევენეპოლი ვუელტაზე პირველი ტრიუმფისთვის მოემზადა

ვუელტა ესპანია დასასრულს მიუახლოვდა. დღეს მისი მე-20 ეტაპი გაიმართა, რომელიც ეკვადორელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რიჩარდ კარაპასმა მოიგო. ბელგიელმა რემკო ევენეპოლმა კი ლიდერის წითელი მაისური შეინარჩუნა და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ხვალ ვუელტას მისი სახით, ახალი ჩემპიონი მოევლინება.

კარაპასმა მისთვის ჩვეულ სტილში, სოლო რეიდი შეასრულა და ფინიშთანაც ეულად მივიდა. და ეს იმის მიუხედავად, რომ მარშრუტში სამი პირველი კატეგორიის მთა შედიოდა. ევენეპოლმა კი, უახლოეს მდევართან, ესპანელ ენრიკ მასთან თავისი ორწუთიანი (პლუს შვიდი წამი) უპირატესობა სრულად შეინარჩუნა.

„არ ვიცი, ახლა თავში რა მიტრიალებს. ეს საოცრებაა. შარშან ბევრი კრიტიკა და ცუდი კომენტარი მივიღე, მაგრამ ამჯერად ყველას და ყველაფერს პასუხი გავეცი. ამ მიღწევისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე“, - განაცხადა 22 წლის ევენეპოლმა, ვინც მეოცე ეტაპი მე-6 ადგილზე დაასრულა.

კარაპასს (ის ჯიროს 2019 წლის ჩემპიონიკცაა) ბოლო აღმართზე უშეღავათო ბრძოლა გაუმართა კოლუმბიელმა სერხიო იგიტამ. მაგრამ ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინიშამდე 7 კილომეტრით ადრე, გადამწყვეტი შეტევა დაიწყო, რაზეც იგიტამ ფარხმალი დაყარა. უფრო მეტიც, კარაპასის დევნამ ის იმდენად დაღალა, რომ კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო. მეორე ადგილი ჰოლანდიელმა თიმენ არენსმანმა დაიკავა, მესამეზე კი ესპანელი ხუან აიუსო გავიდა.

კარაპასისთვის ეს მიმდინარე ვუელტაზე მოგებული მესამე ეტაპია. მას უკვე განაღდებული აქვს გამარჯვება სამთო ჩათვლაში.

სამკვირიანი ველომარათონი კვირას, მადრიდში დასრულდება.

0.119818