აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, ერთმანეთის პირისპირ ესპანელი კარლოს ალკარასი და ნორვეგიელი კასპერ რუუდი დადგებიან. ესპანელმა თინეიჯერმა 6-7(6), 6-3, 6-1, 6-7(5), 6-3 მოუგო ამერიკელ ფრენსის ტიაფოს, რუუდმა კი რუსი კარენ ხაჩანოვი 7-6(5), 6-2, 5-7, 6-2 დაამარცხა.
ალკარასს წინა ორ შეხვედრაში ხუთ-ხუთი სეტის თამაშმა მოუწია, მაგრამ ტიაფოსთან დაღლის ნიშანწყალიც არ ეტყობოდა. 19 წლის ჩოგბურთელი ქარივით დაქროდა კორტზე. თუმცა მეტოქისგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. და მის დასამარცხებლად, ისევ ხუთი სეტი დასჭირდა.
„ჩვენ დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში ვართ და ბოლო გათამაშებამდე ყველაფერი უნდა გავიღოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ბრძოლა ხუთი საათი გაგრძელდება, თუ ექვსი საათი. კორტზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ეს საოცარია“, - განაცხადა ალკარასმა, ვინც ფინალში გამარჯვების შემთხვევაში, გახდება მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ჩოგანი. აქამდე ეს ტიტული ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტს ეკუთვნის, ვინც პირველად რეიტინგს სათავეში 20 წლისა მოექცა (2001 წელს).
ტიაფო არტურ ეშის შემდეგ, პირველი შავკანიანი ამერიკელი მამაკაცი ჩოგბურთელია, ვინც ფლეშინგ მედოუსზე ნახევარფინალში ითამაშა. ეშს აშშ-ის ღია ერთხელ (1968 წელს) აქვს მოგებული. ამდნჯერვე გახდა ავსტრალიის ღიას და უიმბლდონის ჩემპიონი. სხვათა შორის, აშშ-ის ღიას მამაკაცთა ტურნირი, 2003 წლის შემდეგ, ამერიკელ ჩოგბურთელს არ მოუგია. ბოლომ ეს ენდი როდიკმა შეძლო.
„ეს წაგება მტკივნეულია. კარლოსმა მეტისმეტად კარგად ითამაშა. შენ დიდი სლემის ბევრ ტურნირს მოიგებ. შენ ჯოჯოხეთურად კარგი მოთამაშე ხარ. ჯოჯოხეთურად კარგი პიროვნება. ბედნიერი ვარ, რომ შენთან ამ დიდ ტურნირზე ვითამაშე. ოდესმე აქ აუცილებლად მოვიგებ. ვწუხვარ, ბიჭებო“, - განაცხადა ტიაფომ, ვისი მშობლებიც სიერა ლეონედან არიან და იქიდან სამოქალაქო ომს გამოექცნენ.
რუუდს მოსაგებად ოთხი სეტი დასჭირდა. ის პირველი ნორვეგიელი მამაკაცი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალს მიაღწია. 23 წლის ჩოგბურთელი წელს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში, რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ის თიხის საფარიანი კორტების სპეციალისტად ითვლება, მაგრამ ფლეშინგ მედოუსის ჰარდზეც ძალიან ეფექტურად თამაშობს.
ხაჩანვთან შეხვედრის პირველი სეტის მოსაგებად, რუუდს ტაიბრეიკი დასჭირდა. მეორეში კი ზედიზედ 14 ქულა აიღო და 5-1 დაწინაურდა. ეს სეტი მან იოლად მოიგო, მაგრამ მესამეში, გადაღლილმა 11 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ერთი სეტის გაქვითვის საშუალება მისცა. და მაინც, მეოთხე სეტში რუუდი კვლავ კარგად ათამაშდა. მან მესამე და მეხუთე გეიმებში მიაღწია ბრეიკებს და შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.
ალკარასის მსგავსად, რუუდიც გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდება. ამჟამდ ის რეიტინგის მეშვიდე საფეხურზეა.