ფეხბურთი

18:01 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის კარგი მატჩი, მაგრამ "ვალენსია" ისევ დამარცხდა

ლა ლიგის მეხუთე ტური „რაიო ვალეკანოსა“ და „ვალენსიას“ მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. ჯენარო გატუზოს გუნდმა სეზონი არცთუ კარგად დაიწყო და ვალენსიელებმა უკვე მესამე მარცხი განიცადეს.

თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი მამარდაშვილს გოლებში ბრალი არ მიუძღვის. მე-5 წუთზე მის კარში პალაზონმა ძალიან ახლო მანძილიდან გაიტანა დაცვის უყურადღებო თამაშის შედეგად, ხოლო 52-ე წუთზე სულაც თანაგუნდელმა ნიკო გონსალესმა უწყინარ სიტუაციაში გაუტანა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა. „ვალენსიამ“ ერთადერთი ის შეძლო, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მუხტარ დიახაბიმ პრესტიჟის გოლი გაიტანა.

ქართველმა მეკარემ „ღამურები“ არაერთხელ გადაარჩინა და რომ არა ის, „რაიო“ უფრო იოლად მოიგებდა. მთლიანობაში მამარდაშვილს 5 სეივი ჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევია მე-14 წუთის ეპიზოდი, როცა ზედიზედ ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა თავისი გუნდი და ურთულესი დარტყმები მოიგერია. გამოცემა As-მა ქართველის თამაში ყველაზე მაღალი ქულით შეაფასა (8) და დაწერა, რომ ის ვარსკვლავური იყო, მაგრამ თანაგუნდელებმა მარტო დატოვეს.

„ვალენსიას“ ხუთ ტურში 6 ქულა აქვს (2 მოგება, 3 წაგება) და ამ დროისთვის მე-12 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 17 სექტემბერს, შინ ვიგოს „სელტასთან“ გამართავს.

0.151819