ვუელტას ლიდერმა, ბელგიელმა რემკო ევენეპოლმა რბოლის მე-18 ეტაპი მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა. ბოლო აღმართ ალტო დე პიორნალზე არსებულ ფინშთან, მან სპრინტერულ პაექრობაში გაიმარჯვა და ხაზი პირველმა გადაკვეთა. 22 წლის ველომრბოლისთვის ეს მიმდინარე ველომარათონზე მეორე გამარჯვებაა.
რბოლის მონაწილეებს 192-კილომეტრიანი დისტანციის ბოლოს, ალტო დე პიორნალზე ორი პირველი კატეგორიის აღმართის გავლამ მოუწია. ფინიშამდე ნახევარი კილომეტრით ადრე, ევენეპოლმა თავის უახლოეს მდევართან, ესპანელ ენრიკ მასთან შეძლო ლიდერის, ჰოლანდიელი რობერტ ხესინკის დაწევა. ფინიშამდე გამართულ სპრინტში კი მასიც ჩამოიტოვა. ამ გამარჯვების შემდეგ, ის მასს ორ წუთსა და შვიდ წამს უგებს.
„წითელი მაისურით სამთო ეტაპის მოგება, საოცარია. რთული ეტაპი იყო. ბოლოს დიდი გარჯი დაგვჭირდა. ვიცი, რომ სიმშვიდის შენარჩუნება ყოველთვის საჭიროა, თუნდაც ბოლო კილომეტრზე 15 ან 20 წამს აგებდე. ჩვენ ის დავიჭირეთ, ბოლო 200 მეტრზე კი დაწინაურება შევძელი“, - განაცხადა გამარჯვებულმა.
მე-19 ეტაპიც სამთოა, თუმცა წინაზე იოლი. მისი დისტანცია მხოლოდ 138 კილომეტრია და სულ ორი მეორე კატეგორიის აღმართია გასავლელი. ფინიში კი სწორ გზაზე იქნება.