ვუელტას მე-14 ეტაპის შემდეგ, ველომარათონის დებიუტანტ რემკო ევენპოელის ლიდერობა პრიმოჟ როგლიჩთან 48 წამით ჩემცირდა. ეტაპი კი ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა მოიგო, ვისთვისაც ეს მიმდინარე რბოლისას მეორე გამარჯვებაა.
ეტაპი სიერა ნევადას მთის აღმართზე დასრულდა, რომელსაც ყოფილმა ჩემპიონმა, ესპანელმა ალბერტო კონტადორმა ჯოჯოხეთი შეარქვა. ძირითადი დრამაც სწორედ მასზე გათამაშდა. კარაპასმა ეულად შეძლო რბოლის დასრულება. მის უკან კი, მთავარი მოქმედი პირი, სამგზის ჩემპიონი როგლიჩი გახდა, ვინც აღმართის ყველაზე რთულ მონაკვეთზე შეუტია, სადაც დახრა 15 პროცენტს აღწევს.
ევენპოელმა მხოლოდ ის შეძლო, რომ როგლიჩს თვალი გააყოლა. საბოლოოდ, სლოვენიელი გამარჯვებულს თითქმის წუთით ჩამორჩა. რაც მთავარია, რბოლის ლიდერ ევენპოელთან ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეკვეცა. თუმცა ამის შემდეგაც, ბელგიელი მას წუთს და 49 წამს უგებს.
„დღეს ფეხები კარგად ვერ მემსახურა. როდესაც როგლიჩმა შეუტია, მე აჩქარება ვერ შევძელი. კარგია, რომ ჯერაც წინ ვარ. ჯერჯერობით საშიში არაფერია. იმედი მაქვს, რომ ეს რბოლის 21 დღიდან, ყველაზე მძიმე იყო ჩემთვის და უარესი აღარ იქნება“, - განაცხადა ევენპოელმა.
მომდევნო ეტაპიც მსგავსი სირთულისაა. მისი მარშრუტი მონაწილეებს ზღვის დონიდან 2 512 მეტრზე აიყვანს, სადაც გადამწყვეტ როლს, გაუხშოებული ჰაერი ითამაშებს. ამ ეტაპის ბოლო 19.5 კილომეტრი მკვეთრი აღმართია, რომლის საშუალო დახრაც 7.5 პროცენტს აღწევს.