ფეხბურთი

0:55 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სუპერმომენტები და გამარჯვების გოლი: ხვიჩა კვარაცხელიამ "ლაციოსთან" გაიბრწყინა (+VIDEO)

იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიას შოუ დაბრუნდა. ორი უგოლო ტურის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა „სტადიო ოლიმპიკოზე“, რომის „ლაციოსთან“ გაიბრწყინა და „ნაპოლის“ უმნიშვნელოვანესი თამაში მოაგებინა.

ხვიჩამ გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ზამბო ანგისას გადაცემის მერე ერთი შეხებით და უძლიერესი დარტყმით მეტოქის კარის ბადე ლამის გახია! ამ გოლით „ნაპოლი“ 2:1 დაწინაურდა და მატჩიც ასე დასრულდა. ასე რომ, ხვიჩამ გამარჯვების გოლი გაიტანა.

და, რა იყო გოლამდე? მანამდეც მოედანზე კვარა ბრწყინავდა. ხვიჩამ 34-ე წუთზე მეკარეს ვერ აჯობა, როცა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი წაართვა და შეტევის დასრულება თავად სცადა. ორი წუთის მერე ზიდანის ფინტით ორი მეტოქე მოატყუა, 25 მეტრიდან დაარტყა და „ლაციალე“ ძელმა იხსნა.

მეორე ტაიმის სტარტზე ხვიჩამ ფლანგზე მცველებს თავბრუ დაახვია, საჯარიმოში ჩააწოდა და ფანტასტიკურ საგოლე პასს მიითვლიდა, ივან პროვედელს „ლაციო“ რომ არ გადაერჩინა. ამასთან, თვითონ ხვიჩას ჰქონდა ორი რეალური საგოლე შანსი: ჯერ პრივედელმა პირისპირ აჯობა, მერე კი ცარიელ კარში ერთი შეხებით ვერ გადაგზავნა ზუსტად ბურთი, არადა ახლოს იყო.

ამიტომაც იყო, რომ ამდენი გაცუდებული მომენტისა და გოლთან ახლოს ყოფნის შემდეგ, გატანილი გოლის მომენტში კვარაცხელიამ დარტყმაში მთელი ენერგია ჩააქსოვა და ძალზე ემოციურად აღნიშნა. ლუჩანო სპალეტიმ ქართელი 68-ე წუთზე შეცვალა. ცხადია, ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ პირველი ფეხბურთელია 2007-2008 წლების სეზონიდან, რომელმაც სერია A-ს საწყის 4 მატჩში, რომელიც ძირითადში დაიწყო, 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი). 4 გოლით ხვიჩა ბომბარდირებში ტეუნ კუპმაინერსსა და დუშან ვლაჰოვიჩს გაუტოლდა.

„ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 7 სექტემბერს „ლივერპულთან“ გამართავს და კვარაცხელიას დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე ველოდებით. იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლელები 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებენ.

0.131666