აშშ-ის ღია პირველობის ქალ წყვილთა ბადეს, სერენა და ვენუს უილიამსების წყვილი გამოეთიშა. მათ ტურნირის პირველივე წრეში ჩეხების, ლუსი ჰრადეჩკას და ლინდა ნოსკოვას წყვილთან 7-6(5), 6-4 წააგეს.
დებს ერთად დიდი სლემის 14 ტიტული აქვთ მოპოვებული. აქედან ორჯერ აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმარჯვეს. მაგრამ ოთხი წელია, ერთად არ უთამაშიათ. და ამჯერად ალბათ მათი ერთობლივი ბოლო გამოსვლა იყო, რადგან 40 წლის სერენა მალე კარიერას დაასრულებს.
„გვაპატიეთ, რომ ისინი დავამარცხეთ. მაგრამ ჩვენ გვიხარია, რომ ეს შევძელით. ჯერაც შოკირებული ვარ ამ ყველაფრით“, - მაყურებელს მოუბოდიშა ჰრადეჩკამ.
სერენამ „ვოგის“ ბოლო ნომერში განაცხადა, რომ ჩოგბურთს ტოვებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომ ამას აშშ-ის ღიას შემდგ გააკეთებს. ამის მიუხედავად, ტურნირი ჩოგბურთის ლეგენდასთან დასამშვიდობებლად მოემზადა, რადგან ეს ფლეშინ მედოუსზე მისი ბოლო გამოსვლა იქნება.
წყვილებში წაგების შემდეგაც, ტურნირი სერენას არ დამშვიდობებია, რადგან ის ერთეულებში გამოსვლას აგრძელებს და მალე მესამე წრის შეხვედრას გამართავს ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან.
როგორც წესი, წყვილების შეხვედრები მცირე ტრიბუნიან კორტებზე იმართება ხოლმე. წყვილებს ცენტრალური კორტები მხოლოდ ფინალის დროს ეთმობათ. მაგრამ ამჯერად გამონაკლისი იყო და დების წაგებას, მაყურებელმა არტურ ეშის სახელობის კორტის ტრიბუნდან უყურა. სხვათა შორის, ფლეშინგ მედოუსზე უილიამსებმა ერთად 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშეს.