საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა და საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს.
მონტენეგროსა (11:14) და იტალიასთან (8:18) მარცხის შემდეგ დეიან სტანოიევიჩის გუნდი ბოლო ტურში კონკურენტ სლოვაკეთს შეხვდა და 16:11 დაამარცხა, რის შედეგადაც პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა ამ თამაშში ეჭვქვეშ არ დამდგარა და პირველივე პერიოდში 5:0 დაწინაურდა, საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ სწორედ ამ სხვაობით სძლია მეტოქეს. ამრიგად, საქართველომ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და 4 სექტემბერს პლეი-ოფში ნიდერლანდებისა და რუმინეთის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. იქ გამარჯვება კი მეოთხედფინალში გასვლას ნიშნავს, რაც საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი იქნება.
სლოვაკეთთან გოლები დუშან ვაშიჩის (4 გოლი), ბორის ვაპენსკის (3), ფაბიო ბარალდის (2), იოვან სარიჩის (2), რევაზ იმნაიშვილის (1), ნიკა შუშიაშვილის (1), საბა ტყეშელაშვილის (1), ხვიჩა ჯახაიასა (1) და მარკო ელაჩას (1) ანგარიშზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების საუკეთესო შედეგი ევროპის ჩემპიონატზე 2020 წელს დაფიქსირებული მეათე ადგილია, სულ კი კონტინენტის პირველობაზე მეხუთედ ასპარეზობს. ცნობისთვის, ორიოდ თვის წინ საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც მეათე ადგილი დაიკავა.
საქართველო - სლოვაკეთი 16:11 (5:1, 4:3, 4:3, 3:4)