ფეხბურთი

0:47 | 31.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლოჩოშვილმა "ინტერთან" კარგი შეფასება მიიღო, დიბალამ "რომაში" პირველი გოლები გაიტანა

ლუკა ლოჩოშვილმა იტალიის სერია A-ში მეორე მატჩი ჩაატარა და „რომას“ შემდეგ „ინტერთან“ ითამაშა.

24 წლის ქართველი თავის მცირე ტრავმის შემდეგ ძირითადში დაბრუნდა და უნდა ითქვას, რომ მისი გუნდის მარცხის მიუხედავად (1:3), თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო. არც შეცდომა დაუშვია და საკმაოდ კარგად გაისარჯა. მან პირველი ტაიმის ბოლოს სწორედ ის ადგილი გაიღიზიანა, მას მერე, რაც ედინ ჯეკომ ხელი მოარტყა და მეორე ნახევარში მოედანზე სახვევით გამოჩნდა, ხოლო 67-ე წუთზე შეცვალეს.

ლოჩოშვილმა Whoscored-ისგან 6.8 ქულა დაიმსახურა და „კრემონეზეში“ ამაზე მაღალი შეფასება მხოლოდ ბიანკეტიმ (7.1), გოლის ავტორმა ოკერეკემ (7.5) და მეკარე რადუმ მიიღეს (7.5).

„ინტერმა“ „ლაციოსთან“ წაგების შემდეგ რეაბილიტაცია მოახერხა და მილანური დერბის წინ ხასიათი გამოიკეთა. სიმონე ინძაგის გუნდმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი, როცა ხოაკინ კორეამ და ნიკოლო ბარელამ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ გაშვებულ გოლებში ლოჩოშვილს ბრალეულობა ნამდვილად არ მიუძღვის. მეორე ნახევარში მილანელებმა უპირატესობა ლაუტარო მარტინესის გოლით გაზარდეს, როცა ლოჩოშვილი მოედანზე უკვე აღარ იყო. კრემონელებმა ერთადერთი ის მოახერხეს, რომ ბოლოს ოკერეკეს წყალობით პრესტიჟის გოლი გაიტანეს. „ინტერს“ სამ ტურში 9 ქულა აქვს და წინ „მილანთან“ დერბი ელოდება, „კრემონეზე“ კი უქულოდაა. თუმცა, ქართველი ფეხბურთელის გუნდს ძალიან რთული კალენდარი ჰქონდა - სტუმრად ეთამაშა „ფიორენტინას“, „რომასა“ და „ინტერს“, შინ - „ტორინოს“.

პაულო დიბალამ „რომაში“ საგოლე ანგარიში გახსნა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა „მონცას“ უმასპინძლა და იოლი 3 ქულა მოიპოვა. პირველივე ტაიმში დიბალამ დუბლი შეასრულა და ეს მისი პირველი გოლებია დედაქალაქურ კლუბში. მეორე ნახერში თავი იბანიესმაც გამოიჩინა და „ჯალოროსის“ მშვენიერი სტარტი გამოუვიდა - ოთხ ტურში 10 ქულა აქვს. აი, ამბიციებით აღზევებულ „მონცას“ კი საშინელი, რადგან ჯერ ქულა არ მოუპოვებია.

ტური რეჯიო ემილიაში გაიხსნა, სადაც მოქმედი ჩემპიონი „მილანი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. ძალიან უფერული მატჩი ლოგიკურია, რომ გოლების გარეშე დასრულდა. თუ ვინმეს შეეძლო მოგება, ეს „სასუოლო“ იყო, რადგან პირველი ტაიმის შუაწელს დომენიკო ბერარდიმ პენალტი ვერ გაიტანა. „მილანს“ 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში „ინტერსაც“ ჩამორჩა და „რომასაც“.

სერია A-ს მეოთხე ტურის დანარჩენი მატჩები ოთხშაბათს გაიმართება. „იუვენტუსი“ „სპეციას“ უმასპინძლებს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „ლეჩეს“ დაუხვდება.

„რომა“ – „მონცა“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 დიბალა (18), 2:0 დიბალა (32), 3:0 იბანიესი (61)

„ინტერი“ – „კრემონეზე“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კორეა (12), 2:0 ბარელა (38), 3:0 ლაუტარო მარტინესი (76)

„სასუოლო“ – „მილანი“ 0:0 (0:0)

0.141511