ლუის ჰამილტონმა აღიარა, რომ ბელგიის დიდი პრიზის რბოლის პირველივე წრეზე, ფერნანდო ალონსოსთან შეჯახება, მისი შეცდომის მიზეზით მოხდა. ბრიტანელი ლეს კომბსის პირველ მოსახვევში გასწრებას ცდილობდა, რა დროსაც მეტოქეს გზა გადაუჭრა და ამას შეჯახება მოჰყვა.
ამის გამო, ალონსომ მას რადიოთი იდიოტი უწოდა და დაამატა, ამ ბიჭმა მხოლოდ ის იცის, როგორ წარმართოს რბოლა პირველი პოზიციიდანო. ჰამილტონს შეჯახებისას მანქანა დაუზიანდა და ის მალევე გაჩერდა. ალონსომ კი ფინიშს მეექვსემ მიაღწია, თუმცა მსაჯების მიერ, შარლ ლეკლერის დაჯარიმების შემდეგ, მეხუთეზე გადაინაცვლა.
ჰამილტონმა განაცხადა, შეჯახების წინ, ალონსოს მანქანას ვერ ვხედავდიო. შეჯახებამ, მისი „მერსედესი“ ჰაერში ააგდო. ბრიტანელმა განაცხადა, რომ ასფალტზე დაცემისას, ზურგში ძლიერი დარტყმა იგრძნო. სტიუარდებმა მომხდარი განიხილეს და სარბოლო ინციდნტი უწოდეს. სამაგეროდ, ჰამილტონმა გაფრთხილება იმის გამო მიიღო, რომ სამედიცინო შემოწმების გავლაზე უარი თქვა.
მოგვიანებით ალონსომ განაცხადა, რომ მსგავსი რამ ჰამილტონს ყოფილ თანაგუნდელ ნიკო როსბერგთანაც შეემთხვა. მან ასევე განცხადა, რომ ჰამილტონის აღიარება სასიამოვნო მოსასმენი იყო და დაამატა, რომ ეს ჩვეულებრივი ინციდენტია, როგორებიც პირველ წრეზე ხშირად ხდება ხოლმე.
მიმდინარე სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჰამილტონმა რბოლის დასრულება ვერ შეძლო.