ფეხბურთი

2:09 | 30.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად "ვალენსიამ" "ატლეტიკოსთან" წააგო

ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიამ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და 0:1 წააგო. უფრო დიდი სხვაობა რომ არ დაფიქსირდა, ეს 21 წლის ქართველი მეკარის დამსახურებაა, რომელმაც 6 სეივი მიითვალა და აქედან 4-ჯერ ძალიან მაგარი დარტყმა მოიგერია.

32-ე წუთზე მამარდაშვილმა ჟოაო ფელიქსის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმული ბურთი ეფექტური ნახტომით კუთხურზე მოიგერია, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე მასთან პირისპირ გასულ ალვარო მორატასაც აჯობა და „ღამურები“ ისევ იხსნა.

66-ე წუთზე გიორგიმ გაუშვა, მაგრამ უბრალოდ უძლური იყო. ანტუან გრიზმანმა დაარტყა, არცთუ სახიფათოდ, თუმცა ბურთი კარლოს სოლერს მოხვდა, მიმართულება იცვალა და კარში აღმოჩნდა. თამაშის მიწურულს კი „ატლეტიკოს“ კონტრშეტევაზე ჩინებული შანსები ჰქონდა. ჯერ იანიკ ფერეირა-კარასკოს აჯობა მამარდაშვილმა ახლო მანძილიდან მაგარი ნახტომით, ხოლო ერთ წუთში უკვე გრიზმანის ძლიერი დარტყმაც უკუაგდო და თავისი გუნდი უფრო დიდი სხვაობით მარცხისგან იხსნა.

მამარდაშვილმა Whoscored-ისგან 7.1 ქულა, ხოლო Sofascore-მ 7.5 დაუწერა და ორივე შემთხვევაში ორივე გუნდში ეს ყველაზე მაღალი შეფასება იყო. ლა ლიგამ მატჩის მეფედ (საუკეთესო მოთამაშედ) ანტუან გრიზმანი დაასახელა, თუმცა ალბათ მხოლოდ გოლის გამო, გიორგი აშკარად უფრო იმსახურებდა.

„ვალენსიაზე“ რა უნდა ითქვას? გასული სეზონის შემდეგ არაფერი შეცვლილა, გუნდს შეტევაში თამაში ძალიან უჭირს და ლოგიკურია, რომ ამ სეზონში ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, ისიც პენალტით. გონსალო გედეშის გაყიდვამ სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა და უშველის თუ არა მესტალიელთა თავდასხმას ედინსონ კავანი, რომელიც დღეს ტრიბუნებზე იყო, დრო გამოაჩენს.

„ვალენსიას“ სამ ტურში 3 ქულით მე-14 ადგილი უკავია და მომდევნო ტურში 4 სექტემბერს, „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

0.113567