გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მიუნხენის „ბაიერნმა“ ქულები პირველად დაკარგა.
იულიან ნაგელსმანის გუნდისთვის ბოლო წლებში თუ ვინმე უხერხული მეტოქეა, ეს „გლადბახია“ და კიდევ ერთხელ გამოჩნდა. „ბორუსიამ“ „ალიანს არენიდან“ ამჯერად ქულა წაიღო, რაშიც იან ზომერის განუზომელი წვლილია. შვეიცარიელმა მეკარემ დიდებულად ითამაშა და 19(!) სეივი მიითვალა, რითაც ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა.
„გლადბახი“ მისი ბრწყინვალე გარჯის წყალობით მოგებასთანაც ახლოს იყო, რადგან 43-ე წუთზე მარკუს ტურამის გოლით დაწინაურდა და 83-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ „ბაიერნი“ მარცხისგან ლეროი სანემ იხსნა. „რეკორდმაისტერს“ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეში 10 ქულითაა, მაგრამ მარტო არა, პოზიციას „უნიონ ბერლინთან“ ერთად იყოს.
დედაქალაქელებმა გელზენკირხენში „შალკეს“ საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და 6:1 გააცამტვერეს. „უნიონი“ ამ სეზონში აშკარად ანგარიშგასაწევი ძალაა და შეიძლება სეზონის მთავარი სიურპრიზიც გამოდგეს.
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ, როგორც იქნა, „ლევერკუზენმა“ გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც „მაინცს“ პირველივე ტაიმში 3 გოლი გაუტანა და იოლად იმარჯვა. 3 ქულა მოიპოვა დორტმუნდის „ბორუსიამაც“, რომელმაც „ვერდერთან“ შოკის შემდეგ გასვლაზე ბერლინის „ჰერტა“ ენტონი მოდესტეს გოლით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერთა დუეტს „ფრაიბურგთან“ და „ჰოფენჰაიმთან“ ერთად კვალში უდგას.
„ბაიერნი“ – „გლადბახი“ 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 ტურამი (43), 1:1 სანე (83)
„ჰერტა“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 მოდესტე (32)
„ჰოფენჰაიმი“ – „აუგსბურგი“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გეიგერი (39)
„მაინცი“ – „ლევერკუზენი“ 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 პალასიოსი (29), 0:2 ფრიმპონგი (39), 0:3 ფრიმპონგი (41)
„ლაიფციგი“ – „ვოლფსბურგი“ 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 ნკუნკუ (5), 2:0 ნკუნკუ (90)
„შალკე“ – „უნიონი“ 1:6 (1:3)
გოლები: 0:1 ტორსბი (6), 1:1 ბულტერი (31), 1:2 ბეკერი (36), 1:3 ჰაბერერი (45), 1:4 ბეკერი (46), 1:5 მიხელი (87), 1:6 მიხელი (90)