დღეს, 27 აგვისტოს, პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩები იმართება. „ლივერპულმა“ სეზონი უხეიროდ დაიწყო და ამჯერად ჯავრი „ბორნმუთზე“ იყარა. მერსისაიდელებმა საწყალ „ალუბლებს“ 9 უპასუხო ბურთი გაუტანეს. შეაგდო ყველამ, ვისაც არ ეზარებოდა - დუბლი მიითვალეს დიასმა და ფირმინომ, თითოც ელიოტმა, ალეკსანდერ-არნოლდმა, ვან დეიკმა, და ახალწვეულმა კარვალიომ დაამატეს, ერთიც საკუთარ კარში სტუმარმა მეფამმა შეაგდო.
ეს იურგენ კლოპის გუნდის პირველი გამარჯვებაა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში.
„მანჩესტერ სიტი“ „კრისტალ პლასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ თამაში შემოატრიალა და 4:2 გაიმარჯვა. თავისი პირველი ინგლისური ჰეთ-თრიქი შეასრულა „ქალაქელების“ ნორვეგიელმა დებიუტანტმა, ერლინგ ჰოლანდმა. ერთხელაც ბერნარდუ სილვამ გამოიჩინა თავი.
„სიტი“ 10 ქულით მინიმუმ ორი საათით გალიდერდა. საღამოს „არსენალი“ „ფულემს“ მასპინძლობს და წარმატების შემთხვევაში, პირველ ადგილს დაიბრუნებს.