ვუელტას მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა ესპანური ველომარათონის მეოთხე ეტაპი მოიგო და რბოლას სათავეში მოექცა. მეოთხე ეტაპი მიმდინარე რბოლაში არის პირველი, რომელიც ესპანეთის მიწაზე გაიმართა. პირველ სამს კი ჰოლანდიამ უმასპინძლა.
რბოლა აღმართზე დასრულდა, რაც როგლიჩისთვის შესაფერისია. „ჯუმბო-ვისმას“ 32 წლის ლიდერმა საფინიშო სპრინტში უკან ჩამოიტოვა დანიელი მადს პედერსენი და ესპანელი ენრიკ მასი. როგლიჩი „ჯუმბო-ვისმას“ მეოთხე წევრია, ვინც ვუელტას მიმდინარე რბოლაში, ლიდერის წითელი მაისური მოირგო.
სლოვენლი მრბოლი 13 წამს უგებს ამერიკელ თანაგუნდელ სეპ კუსს და 26 წამს - „ინეოს გრენადერსის“ ტრიოს, ბრიტანელ ეთან ჰეიტერს, ფრანგ პაველ სივაკოვს და ბრიტანელ ტაო გეოგეგენ ჰარტს (ჯიროს ყოფილი ჩემპიონი). ბრიტანული გუნდის ლიდერი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი მეოთხე ეტაპზე როგლიჩს 7 წამით ჩამორჩა და კლასიფიკაციაში მეშვიდე ადგილზეა, ლიდერთან 33-წამიანი ჩამორჩენით.
152.5-კილომეტრიანი რბოლა მესამე კატეგორიის მთა პუერტო დე ერერამ დაასრულა, რომლის აღმართიც, ფინიშამდე 10 კილომეტრით ადრე დაიწყო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ პელოტონი დაქსაქსულიყო. ბოლო სექციისთვის, რბოლას მხოლოდ 50 მონაწილე შემორჩა.
„გადარჩენილ“ სპრინტერთა შორის იყო პედერსენი, ვინც შეტევა პირველმა დაიწყო. ის გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს მაინც ძალა არ ეყო და ამით როგლიჩმა ისარგებლა. მან ბოლო მეტრებზე შეძლო გასწრება. ამ მოგებით, როგლიჩმა დაამტკიცა, რომ ტურ დე ფრანსზე წაქცევით მიღებული ტრავმები სრულად მოიშუშა და კვლავ ვუელტას ფავორიტია. მას შანსი აქვს, გახდეს პირველი ველომრბოლი, ვინც ვუელტას ზედიზედ ოთხჯერ მოიგებს.