სხვა

5:05 | 23.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრანჩესკო ბანიაიამ ზედიზედ მესამე რბოლა მოიგო

იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ მოტო გრანპრის ავსტრიის დიდი პრიზის რბოლა მოიგო, რაც მისთვის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. მეორე ადგილი კი მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერმა, ფრანგმა ფაბიო კვარტარარომ დაიკავა. ფინიშზე მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.492 წამი იყო. მესამე ადგილზე ავსტრალიელი ჯეკ მილერი გავიდა.

შპილბერგამდე ბანიაიამ ბრიტანეთის და ჰოლანდიის დიდი პრიზები მოიგო. ის მოტო გრანპრის თანამედროვე ეპოქაში მეორე იტალიელი მოტო მრბოლია, ვინც ზედიზედ სამი რბოლის მოგება შეძლო. პირველი რა თქმა უნდა, ვალენტინო როსია, ვინც თავისი სახელოვანი კარიერა, გასული სეზონის ბოლოს დაასრულა.

„სეზონის პირველ ნაწილში უამრავი შეცდომა დავუშვი. ახლა კი დრო დადგა, უფრო საზრიანი ვიყო. როდესაც ჩვენს შორის სხვაობას ვხედავდი, სულ იმას ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, რადგან კარგი ტემპი მქონდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ბოლო ორ წრეზე უპირატესობის გაზრდა შემეძლო. მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ არ ავღელვებულიყავი“, - განაცხადა გამარჯვებულმა, ვინც სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველივე წრეზე გაასწრო პოულზე მყოფ იტალიელ ენეა ბასტიანინის.

კარგა ხანს მეორეზე მილერი იყო, მაგრამ ფინიშამდე სამი წრით ადრე, ის კვარტარარომ ჩამოიტოვა, ვინც რბოლა მეხუთედან დაიწყო. კვარტარარო ისევ ჩემპიონატის ლიდერია და 32 ქულას უგებს მეორეზე მყოფ ესპანელ ალექს ესპარგაროს. მხოლოდ მესამეზეა ბანიაია, ვინც ლიდერს 44 ქულით ჩამორჩება.

0.12563