„ნაპოლის“ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე მთელი იტალიური საფეხბურთო სამყარო საუბრობს და ამჯერად მასზე კომენტარი ცნობილმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ გააკეთა.
ვისაც 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალის, იტალია-გერმანიის მატჩის მიმოხილვა იტალიურ ენაზე უნახავს, აუცილებლად ემახსოვრება ემოციური კომენტატორი. სწორედ ის ადამიანია ფაბიო კარესა, რომელიც დღემდე Sky Sport-ზე მუშაობს და იტალიაში თავის საქმიანობაში ყველაზე გამორჩეულია. როგორც კარესამ აღნიშნა, კვარამ სერია A-ზე გასაოცარი გავლენა მოახდინა.
„ნაპოლიმ“ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან კარგად ითამაშა, გუნდს სპალეტის ხელი ეტყობა. კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია და ცოტას ჰქონია ასეთი გავლენა სერია A-ზე. თავიდან მასზე ერთი-ორი ეჭვი მქონდა, მაგრამ გასაოცარი გავლენა აჩვენა. „ნაპოლი“ სერიოზული გუნდია და ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - თქვა კარესამ.
ცნობილი კომენტატორის გარდა, კვარაცხელიაზე კომენტარი ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმაც გააკეთა:
„დიმაროში ვიყავი და მოედნის კიდესთან ჯუნტოლის ვესაუბრებოდი. კრისტიანომ მითხრა, რომ ყურადღებით დავკვირებოდი კვარაცხელიას. მეორე ვარჯიშის შემდეგ ვუთხარი, რომ მან შედევრალური ტრანსფერი გააკეთა. სწრაფია, კარგად თამაშობს ფეხით, თავგანწირვა შეუძლია და ჩემი აზრით, ინსინიეს მარტივად შეცვლის“, - აღნიშნა გრაციანიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საწყის ორ ტურში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. სერია A-ს ბომბარდირთა დავაში ქართველი ორი ტურის შემდეგ ლიდერია.