ფეხბურთი

15:12 | 22.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "ხვიჩა ასეთ დარტყმას ვარჯიშის შემდეგ ამუშავებდა, ის ვარსკვლავი გახდება"

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი „ნაპოლის“ ვარსკვლავი გახდება.

„ხვიჩა თავიდანვე ძალიან ნიჭიერი იყო და თავის ნიჭს სწორად იყენებს. ის ძალიან შრომისმოყვარეა და თავისი საუკეთესო თვისებებით თამაშობს. მთავარია, რომ ყველა გუნდში მაშინვე ავლენს თავის საუკეთესო შესაძლებლობებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ფეხბურთი ძალიან უყვარს. „ნაპოლიში“ გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო და ლუჩანო სპალეტი მას კარგად ცნობს. მან ინსინიე შეცვალა და ახლა „ნაპოლის“ ვარსკვლავი გახდება.

რატომ ვერ შევინარჩუნეთ „ლოკომოტივში“? კიკნაძეს დაურეკეთ და ჰკითხეთ. ეს დივერსია იყო. გუშინ კვარაცხელიამ გასაოცარი გოლი გაიტანა, სხვათა შორის, ეს დარტყმა დამუშავებული აქვს. მარჯვენა ფეხით ყოველთვის ბურთს შორეულ კუთხეში ჭრის. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ხვიჩა ამ დარტყმაზე ცალკე ვარჯიშობდა და ეს ბუნებრივი გოლია“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, რომ იური სიომინი ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის „ლოკომოტივში“ ავარჯიშებდა. ქართველი ფეხბურთელი ორ ტურში გატანილი სამი გოლით სერია A-ს ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117429