ვუელტაზე დასრულდა ველომარათონის პირველი სამი ეტაპი, რომლებსაც ჰოლანდიამ უმასპნძლა. მეორე და მესამე, სპრინტერული ეტაპები ირლანდიელმა სემ ბენეტმა მოიგო, ვინც 21-დღიან რბოლას სათავეში მოექცა.
ისევე როგორც მეორე ეტაპზე, მესამეზეც, რომელიც ქალაქ ბრედასი დაიწყო და იქვე დასრულდა, ბენეტის მთავარი კონკურენტი დანიელი მადს პედერსენი იყო. მაგრამ სპრინტერული ფინიში ორივეჯერ „ბორა ჰანსგროს“ ირლანდიელმა ველომრბოლმა მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ბენეტი მეორე ირლანდიელი ველომრბოლია, ვინც დიდ ველომარათონებზე სულ ცოტა, 10 ეტაპის მოგება შეძლო. მისი ქვეყნდან ეს პირველმა შონ კელიმ გააკეთა. ბენეტს ორი ეტაპი ტურ დე ფრანსზე აქვს მოგებული, სამი ჯირო დ’იტალიაზე და უკვე ხუთი - ვუელტა ესპანიაზე. ამასთან, საფრანგეთის ტურზე 2020 წელს ქულების კლასიფიკაციაში გაიმარჯვა.
კელის ანგარიშზე, ტურზე ხუთი ეტაპის და ვუელტაზე 16 ეტაპის მოგებაა. ამასთან, ესპანეთში მან ერთხელ (1988 წელს) ველომარათონი მოიგო. ტურზე და ვუელტაზე კი ქულების ჩათვლაში ოთხ-ოთხჯერ გაიმარჯვა.
„ძალიან რთული გამარჯვება იყო, რადგან პირველობისთვის ბევრი მრბოლი იბრძოდა. როგორც სპრინტის დროს ხდბა ხოლმე, მეტოქეებმა გზა შემივიწროვეს და მე გაჭირვებით მოვახერხე დენის უკან გაყოლა. მოკლედ, ძალიან რთული ბრძოლა იყო“, - განაცხადა ბენეტმა, ვინც ბრიტანელი თანაგუნდელის, დენ მაკლეის წყალობით შეძლო შეტევის პოზიციაზე გასვლა და შემდეგ თავისი საქმე საუკეთესოდ შეასრულა.
მესამე ეტაპის დასრულებას 18 კილომეტრი რომ აკლდა, დაეცა ვუელტას ერთ-ერთი ფავორიტი, საგზაო რბოლაში ოლიმპიური ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი, მაგრამ თანაგუნდელებმა ის სწრაფად დააბრუნეს პელოტონში.
მეოთხე ეტაპიდან ვუელტა ესპანეთის გზებზე გადაინაცვლებს.