სხვა

21:54 | 20.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კარსტენ ვარჰოლმმა 400 მეტრზე თარჯრბენში ევროპის ჩემპიონობა შეინარჩუნა

მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის შემდეგ, ნორვეგიელმა კარსტენ ვარჰოლმმა, მიუნხენში ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ვარჰოლმმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდით (45.94 წამი) გაიმარჯვა. მაგრამ ამ სეზონში ტრავმა გასაქანს არ აძლევდა და შედეგად, მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

მიუნხენისთვის კი ტრავმის მოშუშებასთან ერთად, ფორმაში შესვლაც მოასწრო და 47.12 წამით გამარჯვა. მას წამზე მეტით ჩამორჩა მეორეზე გასული ფრანგი ვილფრიდ ჰაპიო, მესამეზე კი კუბაში დაბადებული თურქი იასმანი კოპელო გავიდა.

ვარჰოლმის დრო ევროპის რეკორდია. ის 0.36 წამით სჯობს წინა რეკორდს (47.48 წამი), რომელიც დასავლეთ გერმანელმა ჰარალდ შმიდმა ათენში, 1982 წელს დაამყარა.

ვარჰოლმი სტარტიდანვე დაწინაურდა. საფინიშო სწორზე ის უკვე ორ წამზე მეტს უგებდა უახლოეს მდევარს და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებაც კი მისცა. ვარჰოლმი ახლა ბრილიანტის ლიგის შეხვედრებში გამოსვლას გეგმავს, სადაც მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ ალისონ დუშ სანტუშთან და ამერიკელ ვიცე ჩემპიონ რეი ბენჯამინთან პაექრობა ელის.

0.124015