საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო.
ილიას ზუროსის გუნდმა აკროპოლისის თასზე ბოლო შეხვედრა პოლონეთთან გამართა და 76:87 დამარცხდა. ამ თამაშსაც იდენტური სცენარი ჰქონდა, როგორც წინა ორს - პირველ ტაიმში საქართველო ნორმალურად ირჯებოდა, მესამე პერიოდი კი კატასტროფულად ჩაატარა, რაც წაგების ფასად დაუჯდა. შეუძლებელია, რომ ეს შემთხვევითობა იყოს, როდესაც გუნდი ზედიზედ რამდენიმე თამაში მეორე ტაიმს საშინლად ატარებს.
ზუროსის გუნდმა მხოლოდ პირველი პერიოდი მოიგო, ისიც ერთი ქულით და დიდ შესვენებაზეც ამ უპირატესობით გავიდა, მაგრამ მესამე პერიოდი 9 ქულით დათმო და დასკვნით ათწუთეულში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა.
საქართველოს რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მაგრამ მას მხარი ვერცერთმა თანაგუნდელმა აუბა. რატი ანდრონიკაშვილმა 10 ქულა, სანდრო მამუკელაშვილმა 9 (პლუს 7 მოხსნა), გიორგი შერმადინმა 7, თან მაკფადენმა და ბექა ბურჯანაძემ 6-6 ქულა ჩააგდეს.
საქართველოს ნაკრებმა როგორც ვთქვით, ზედიზედ მეშვიდე მარცხი განიცადა (ორ-ორჯერ უნგრეთთან და ისრაელთან, თურქეთთან, საბერძნეთთან და პოლონეთთან). შედეგად, აკროპოლისის თასი გუნდმა სამი წაგებით ბოლო ადგილზე დაასრულა.
ახლა წინ მხოლოდ ოფიციალური მატჩებია: 24 აგვისტოს, თბილისში ნიდერლანდებთან და 27 აგვისტოს, ბრეშაში იტალიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები, ხოლო 1-7 სექტემბერს, თბილისში ევრობასკეტის მატჩები ჩატარდება.
საქართველო - პოლონეთი 76:87 (23:22, 18:18, 18:27, 17:20)