კალათბურთი

0:04 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრა წააგო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრა ჩაატარა და ამჯერად საბერძნეთის ნაკრებს გაეჯიბრა.

ილიას ზუროსის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე არცთუ დამაჯერებელია და ყველა სპარინგი წააგო. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა და საბოლოოდ საბერძნეთმა საკმაოდ იოლად, 80:67 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს, მეორე ნახევარში კი დიმიტრის იტუდისის გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა. აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის ნაკრები ლიდერის, იანის ანტეტონკუმპოს გარეშე თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებს სანდრო მამუკელაშვილმა ულიდერა, რომელმაც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა, ხოლო თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინს ორმაგ დუბლამდე თითო მოხსნა დააკლდათ. ორივემ 13-13 ქულა და 9-9 მოხსნა დააგროვეს. ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეექვსე თამაში წააგო (ორჯერ უნგრეთთან ორჯერ ისრაელთან, თურქეთთან და ახლა საბერძნეთთან).

ამრიგად, საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე ორი წაგებით ბოლო ადგილზეა და ბოლო ტურში 19 აგვისტოს, პოლონეთს შეხვდება, რომელმაც დღეს მოულოდნელად თურქეთის ნაკრების დამარცხება მოახერხა.

ამის შემდეგ ილიას ზუროსის გუნდს ოფიციალური მატჩები ელოდება: 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნიდერლანდებისა და იტალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება, ხოლო 1-7 სექტემბერს, თბილისში, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

საბერძნეთი - საქართველო 80:67 (21:16, 16:18, 10:22, 20:24)

0.107872