სხვა

3:30 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრეიზერ-პრაისმა მონაკოს ბრილიანტის ლიგის შეხვედრაც მოიგო

მონაკომ მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა იამიკელმა სპრინტერმა, შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა. მან 100 მეტრი 10.62 წამში გაირბინა და უკან მოიტოვა თანამემამულე შერიკა ჯეკსონი და სპილოს ძვლის კუნძულელი მარი-ჟოზე ტა ლუ.

ახლახანს, აშშ-ის ქალაქ იუჯინში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფრეიზერ-პრაისმა ოქროს მეხუთე მედალი მოიპოვა. შემდეგ სილეზიის ბრილიანტის ლიგის შეხვედრაზე ასი მეტრი 10.66 წამში გაირბინა. ორი დღის წინ კი ბუდაპეშტში მოსაგებად, 10.67 წამი იმყოფინა.

ფრეიზერ-პრაისმა მონაკოში ზედიზედ მეექვსედ შეძლო ასი მეტრის 10.70 წამზე ნაკლებში გარბენა, რაშიც ხელი კარგმა ამინდმაც შეუწყო. 10.71 და 10.72 წამში ირბინეს ჯეკსონმა და ტა ლუმ.

„როდესაც ასეთ დროებს ხშირად აფიქსირებ, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან ძნელია, როცა ასეთ მაღალ დონეზე ასპარეზობისას, ხშირად ახერხებ კარგი შედეგის ჩვენებას“, - განაცხადა 35 წლის ფრეიზერ-პრაისმა. ის დასძენს, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილში, საუკუთარი საუკეთესო შედეგის (10.60 წამი) გაუმჯობესებას ეცდება.

მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტში, ამერიკელმა ნოა ლაილზმა გაიმარჯვა. მან დისტანცია 19.48 წამში გაირბინა და მონაკოს სარბენი ბილიკის საუკეთესო დრო (რომელიც თავადვე, 2018 წელს დააფიქსირა) გააუმჯობესა.

მომდევნო ორი ადგილიც ამერიკელებმა - ერიონ ნაითონმა (19.84) და მაიკლ ნორმანმა (19.95) დაიკავეს.

ქალთა შორის 1 500 მეტრზე სირბილში, კენიელმა ფაით კიპიეგონმა გაიმარჯვა, ვინც ამ დისტანციაზე ორგზის ოლიმპიური და ერთგზის მსოფლიო ჩემპიონია. მან დისტანცია 3 წუთსა და 50.37 წამში გაირბინა და მხოლოდ 0.3 წამი დააკლდა მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც მისმა თანამემამულე გენზებე დიბაბამ 2015 წელს დაამყარა.

ქალთა შორის 400 მეტრზე სპრინტში, გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონმა, ბაჰამელმა შონაე მილერ-უიბომ მოიპოვა. მან ფინშის ხაზი 49.28 წამში გადაკვეთა. ეს მეოთხე შეჯიბრია, რომლებზეც 50 წამზე ნაკლებში ირბინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.142355