სხვა

1:56 | 11.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი თვითმფრინავით მგზავრობაზე უარს ამბობს

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს უროს ტყორცნაში, პოლონელ პაველ ფაიდეკს ფრენის შიში არ აწუხებს. მაგრამ თვითმფრინავით მგზავრობაზე მაინც უარის თქმა უწევს. ის მიუნხენში, სადაც მძლეოსანთა ევროპის ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, ავტომობილით გაემგზავრება. მიზეზი ისაა, რომ წინა ორი შეჯიბრის ადგილზე მგზავრობისას, თავისი სპორტული ეკიპირება თვითმფრინავში დაკარგა.

„ბოლო თავგადასავლების შემდეგ, იძულებული ვარ, უფრო უსაფრთხო ტრანსპორტი ავირჩიო“, - ამბობს ფაიდეკი, ვინც ახლახანს, იუჯინში (აშშ) გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მაგრამ იქ ჩასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბარგი, რომელშიც სპორტული ეკიპირება ჰქონდა, დაიკარგა. ბედად, ამან გამარჯვებაში ხელი ვერ შეუშალა.

იუჯინში ასპარეზობა კი შეძლო, მაგრამ საფრანგეთის სოტევიეში არენაზე ვერ გამოვიდა. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი ეკიპირების ბარგის დაკარგვა აღმოჩნდა. ამერიკიდან დაბრუნებულს, ბარგი ერთი კვირის შემდეგ დააწიეს, მაგრამ მისი შიგთავსი წყლით იყო დაზიანებული. სხვათა შორის, იუჯინში მსგავსი პრობლემები სხვა პოლონელ ათლეტებსაც შეექმნათ.

„იმედი მაქვს, სხვა პოლონელ ათლეტებს, ვინც მიუნხენში თვითმფრინავით წასვლა გადაწყვიტეს, ამჯერად გაუმართლებთ“, - ამბობს ფაიდეკი.

0.119893