ტორონტოში (კანადა) დაწყებულ ღია პირველობაზე, ამ სეზონში მყარ საფარზე პირველად ითამაშა სერენა უილიამსმა და ესპანელ ნურია პარისას დიასს 6-3, 6-4 მოუგო. 40 წლის ამერიკელისთვის, ეს ამ სეზონში მეორე თამაში და პირველი გამარჯვებაა. ამის წინ გამარჯვება გასულ სეზონში, როლან გაროსზე აქვს მოპოვებული.
თამაში ორ საათს გაგრძელდა. პირველი სეტის მოგების შემდეგ, სერენა კარგა ხანს ვერ ახერხებდა მეორეში დაწინაურებას. მაგრამ 4-4-ზე, მეცხრე გეიმში, რომელიც 25 წუთი გაგრძელდა, ბრეიკს მიაღწია, რის შემდეგაც, თავის მოწოდებაზე, შეხვედრას წერტილი დაუსვა.
ამერიკელისთვის ეს ტორონტოს ღია პირველობაზე მეათე გამოსვლაა. მას ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული. პირველად ჩემპიონი 2001 წელს გახდა, მესამედ კი - ცხრა წლის წინათ. დიასთან შეხვედრაში მან შვიდი ეისი მოაწოდა და რვა ბრეიკ პოინტიდან შვიდი მოიგერია.
ტორონტოს ღია პირველობაზევე, მეორე წრეში გავიდა რუმინელი სიმონა ჰალეპი, ვინც ხორვატ დონა ვეკიჩს 6-0, 6-2 მოუგო. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ვინც ასევე ტორონტოს ტურნირის ორგზის ჩემპიონია, მეორე წრეში გასასვლელი საგზური 62 წუთში მოიპოვა. მან საწყისი შვიდი გეიმი მოიგო. მერე კი მეტოქეს ხელის მოქნევის საშუალებაც მისცა.